
ზოგადად, ცნობილია, რომ მათი [„დიფ სთეითის“] მოქმედების ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი რეალობის მოდელირებაა, ამ მიზნის მისაღწევად კი ნომერ პირველ საშუალება სწორედ მედიაა. სწორედ იმიტომ, რომ საქართველოში ვერ ახერხებენ ვირტუალური რეალობა რეალობად წარმოაჩინონ, რასაც, მათ შორის, სწორედ ბიძინა ივანიშვილი უშლის ხელს, ევრობიუროკრატია ყველაფერს აკეთებს ქართული საზოგადოების წყობიდან გამოსაყვანად, – წერს ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი.
შათირიშვილს გერმანია იმის მაგალითად მოჰყავს, თუ რა ემართება ქვეყანას, როდესაც „დიფ სთეითიდან“ იმართება, ამ მდგომარეობამდე გერმანიის სახელმწიფოს მისვლაში კი, მისი თქმით, დიდი როლი სწორედ მართულმა მედიამ შეასრულა.
ფილოსოფოსი მიიჩნევს, რომ როგორც გერმანიას, ისე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს რუსეთთან საომრად ამზადებენ.
„ამავდროულად, ყველა კარგად ვხედავთ, რა ხდება იმ ქვეყნებში, სადაც მედიას და სახელმწიფოს სრულად აკონტროლებს „დიფ სთეითი“. ჩემს ერთ-ერთ წინა წერილში გერმანიის მაგალითი მოვიტანე, რომელსაც აქაც გავიმეორებ.
გერმანია საუკეთესო ნიმუშია იმისა, თუ რა გემართება, როდესაც „დიფ სთეითისგან“ იმართები. ერთ დროს ყველაზე განვითარებული, ყველაზე წარმატებული, მოწინავე ეკონომიკის ქვეყანას თავისი ხელით დაანგრევინეს ენერგეტიკა – ჯერ ატომური ელექტროსადგურები დაახურინეს და მათ ნაცვლად ქარის ელექტროსადგურები მოაწყობინეს, რომლებიც, რა თქმა უნდა, გაცილებით არაეფექტურია, შემდეგ კი თავად ათქმევინეს რუსეთისგან იაფი ენერგიის შესყიდვაზე უარი და მეტიც, ახლა როგორც გერმანიას, ისე ევროპის ქვეყნების დიდ ნაწილს, რუსეთთან საომრად ამზადებენ. გერმანია რომ აქამდე მივიდა, ლომის წილი მიუძღვის იმას, რომ ამ ქვეყანაში მედია ტოტალურად იმართებოდა „დიფ სთეითის“ მიერ“, – ვკითხულობთ შათირიშვილს წერილში.