
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორ ნინო წერეთელთან ერთად, 2024-2025 სასწავლო წლის ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა.
გივი მიქანაძემ მოსწავლეებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათი შესაძლებლობების გამოვლენის კუთხით ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის ჩატარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრმა 2025-2026 სასწავლო წლის ოლიმპიადაზეც ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, რეგისტრაცია 4 ნოემბერს დაიწყება და დეტალური ინფორმაცია საზოგადოებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
ღონისძიების ფარგლებში ჯამში 48 მონაწილე – პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლე დაჯილდოვდა. გამარჯვებულებს შესაბამის დიპლომებთან ერთად კომპიუტერული ტექნიკის, აქსესუარებისა და სმარტფონების სასაჩუქრე ბარათები გადაეცათ.
2024-2025 სასწავლო წლის ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა 29 000-მდე მოსწავლემ. მეორე ტურში 6 900-მდე მონაწილე, ხოლო მესამე ტურში 660-ზე მეტი მოსწავლე გადავიდა.
გამოვლინდა საუკეთესო შედეგის მქონე ათეული ყველა საგანსა და შესაბამის ასაკობრივ კატეგორიებში. ოლიმპიადაში გამარჯვებულ მოსწავლეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გამხდარიყვნენ იმ გუნდების წევრები, რომლებმაც საქართველოს სახელით მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ოლიმპიადებში.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ადმინისტრირებით 2024-2025 სასწავლო წლის ოლიმპიადა ცენტრალიზებულად სამ ტურად ჩატარდა შემდეგ საგნებში: ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ქართულ ენაში (არაქართულენოვანი სკოლების მოსწავლეებისათვის), მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში.
ოლიმპიადა ჩატარდა ინფორმატიკაშიც, საინფორმაციო ტექნოლოგიების სწავლებისა და ინფორმატიკის ოლიმპიადების მხარდამჭერი ასოციაციის მიერ.
შეგახსენებთ, რომ ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ყოველწლიურად ტარდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, როგორც საშუალო, ასევე, საბაზო საფეხურის მოსწავლეებს“, – აცხადებენ სამინისტროში.