
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძემ ეკონომიკისა და ბიზნესის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება სააქციო საზოგადოება „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” ორგანიზებით ჩატარდა და კერძო და საჯარო სექტორის წამომადგენლები დაესწრნენ.
მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრის მოადგილემ საქართველოს ენერგეტიკის სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.
„საკმაოდ ამბიციური გეგმები გვაქვს, რომ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი ხიდი იყოს. შესაბამისად, ჩვენი მიზანია ქვეყნის ენერგეტიკული ზრდა სწორი მიმართულებით განვავითაროთ”, – განაცხადა ინგა ფხალაძემ.
მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საჯარო და ბიზნეს სექტორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, დასახული მიზნის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, როგორც პოლიტიკის განმახორციელებელ უწყებას და კერძო სექტორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, ჩვენი თანამშრომლობით დღემდე მიღწეული შედეგები ერთად განვიხილოთ და სამომავლოდ ზუსტი ნაბიჯების გადადგმისთვის ერთად განვსაზღვროთ ის მიმართულება, რომელსაც ავირჩევთ,” – აღნიშნა ინგა ფხალაძემ.
ღონისძიების მიმდინარეობისას პრეზენტაციები და პანელური დისკუსიები გაიმართა, რომლის დროსაც განიხილულ იქნა ენერგოსექტორში არსებული მდგომარეობა, დარგში მიმდინარე რეფორმები, ინვესტიციების მოზიდვის პერსპექტივები და ენერგეტიკული სისტემის განვითარების სტრატეგიული მიმართულებები.
შეხვედრის ფარგლებში, ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და კომპანიებს – Mitas Energy, სტორი ჰესი, კავკასენერგო და ენერგონს შორის. ასევე, ჩამოყალიბდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მრჩეველთა საბჭო, რომელიც, ძირითადად, ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებით დაკომპლექტდა.