გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, პლასტიკის ბოთლებში ჩამოსხმული სასმლის რეალიზაციის რეგულირების საკითხებზე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მინისტრის მოადგილეები სოლომონ პავლიაშვილი, ზურაბ ეზუგბაია, კახა კაკაბაძე, ლაშა დოლიძე და ლაშა ავალიანი ესწრებოდნენ.

„სამინისტრო აქტიურად მუშაობს და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან განიხილავს პლასტმასის ნარჩენების დაბინძურების შემცირების და ნარჩენების მართვის გაუმჯობესების პოლიტიკის საკითხებს. მნიშვნელოვანია, სამოქმედო გეგმა სექტორთან კოორდინირებული თანამშრომლობით შევიმუშაოთ. რეგულაციებმა უნდა დააბალანსოს საკითხის გარემოსდაცვითი, ჯანმრთელობის დაცვის და ეკონომიკური მიმართულებები“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ახალ ინიციატივაზე, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს, ასევე, სტუმარ-მასპინძლობის სექტორს შეეზღუდებათ სასმელის პლასტმასის ბოთლებით შესყიდვა. ინიციატივა მიზნად ისახავს პლასტიკის მოხმარების შემცირებასა და ალტერნატივების წახალისებას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ეფექტიანი მექანიზმის შემუშავების მიზნით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში დიალოგი გაგრძელდება.

Back to top button