
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წიგნის – „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“ პრეზენტაციას დაესწრო.
გივი მიქანაძემ დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა და პროფესიული განათლების განვითარების კუთხით ახალი ლიტერატურის შექმნის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
გამოცემა „პროფესიული განათლების ისტორია საქართველოში“განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა და თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის მიერ, თბილისის მერიის პროგრამის „შემოქმედებითი თბილისი“ კონკურსის – „საგამომცემლო საქმიანობა“ ფარგლებში მომზადდა.
გამოცემა ორენოვანია (ქართულ-ინგლისური) და მოიცავს პროფესიული განათლების ისტორიას XIX საუკუნის 40-იანი წლებიდან 1921 წლამდე.
წიგნს საფუძვლად უდევს დღემდე არსებული გამოცემები, პერიოდული პრესა და საარქივო მასალები, რომელიც საქართველოში პროფესიული განათლების ისტორიას დოკუმენტურად ასახავს. მასალები მოძიებულია საქართველოს ეროვნული არქივის და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით.
წიგნის ავტორ-შემდგენელია თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერი სალომე ჭანტურიძე, მთავარი რედაქტორი – თსუ-ის რექტორის მოადგილე კახაბერ ჭეიშვილი.
პრეზენტაციაში მონაწილეობა ასევე მიიღეს თსუ-ის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა კახა ხანდოლიშვილმა, ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილმა და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა.