
ვხედავთ, რომ დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას აქვს მარტივი სტანდარტი – თუ არჩევნები არ აბრუნებს ხელისუფლებაში კოლექტიურ „ნაცმოძრაობას”, ასეთ არჩევნებს არ აქვს მათთვის ფასი, თუ გენპროკურორის არჩევის წესი არ არის ისეთი, რომელიც აძლევს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” პროკურატურაზე გავლენის დაბრუნების საშუალებას, ასეთ არჩევის წესსაც არ აქვს ფასი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებული კანონმდებლობა ისეთია, რომელიც არ აძლევს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” სასამართლოზე გავლენის დაბრუნების საშუალებას და მათთვის ასეთ კანონმდებლობასაც არ აქვს ფასი.
„ეს არის საერთო მიდგომა. ეს არის ის სტანდარტები, რომლებიც მოქმედებს. ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობას” ჰქონდა გავლენა სასამართლოზე, პროკურატურაზე. სწორედ ამ გავლენის წყალობით ჩამოაყალიბა თავის დროზე „ნაცმოძრაობამ” სისხლიანი რეჟიმი, რომელსაც იგივე ევროპული ბიუროკრატია ძალიან მყარად მფარველობდა.
ჩვენ არ გვინდა ამის დაბრუნება ჩვენს ქვეყანაში. იმედი გვაქვს, რომ ევროპული ბიუროკრატია ერთხელ და სამუდამოდ აიღებს ხელს კოლექტიური „ნაცმოძრაობის” მფარველობაზე და ყველანაირ მცდელობაზე, რომელიც დაკავშირებულია ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის” დაბრუნებასთან, მათ შორის, ეს ეხება სასამართლო ხელისუფლებასა და პროკურატურას. საქართველოში აღარასდროს აღარ უნდა დაბრუნდეს, არც სასამართლოზე, არც პროკურატურაზე, არც პარლამენტზე, არც მთავრობაზე კოლექტიური „ნაცმოძრაობის” გავლენა. პირიქით, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს კოლექტიური პოლიტიკური ძალა მთლიანად ჩამოვაშოროთ ჩვენს პოლიტიკურ სისტემას. სხვანაირად უბრალოდ ვერ განვითარდება ჯანსაღი, დემოკრატიული სისტემა საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმა.