
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 699 ფაქტი გამოავლინეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინსპექტორები ქვეყნის ოთხ მსხვილ ქალაქში გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კონტროლს ყოველდღიურად ახორციელებენ. ეტაპობრივად მიმდინარეობს ამ მიმართულებით დეპარტამენტის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესი. ბოლო პერიოდში, გაიზარდა ეკიპაჟების რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანია გამონაბოლქვის კონტროლის ეფექტიანობის გაზრდისთვის.
შედეგად, ოქტომბერში, თბილისში გამოვლენილია 488 სამართალდარღვევა, ბათუმში – 113, ქუთაისში – 55, რუსთავში კი – 43.
699 ფაქტიდან 610 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 89 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.
აღსანიშნავია, რომ 381 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 296 – მიკროავტობუსების, 20 სატვირთო ავტომობილების, 2 კი, ავტობუსების მძღოლების/მფლობელების მიერაა ჩადენილი.
რაც შეეხება წლის სტატისტიკას, 2025 წლის 10 თვეში გამოვლენილია 4497 სამართალდარღვევა.
ატმოსფერული ჰაერისხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლის პარალელურად, დეპარტამენტი არაერთ ღონისძიებას ახორციელებს. დეპარტამენტის ინსპექტორები ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ხარისხს რეგულარულად აკონტროლებენ, რათა მინიმუმამდე შემცირდეს არაკონდიციური საწვავის მოხმარება, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებათა გაფრქვევას. გარდა ამისა, საწარმოო სექტორიდან დაბინძურების პრევენციის მიზნით, ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს; 36 უმსხვილეს საწარმოს სისტემა უკვე დანერგილი აქვს. ყველა ჩამოთვლილი ღონისძიება, კომპლექსურად, ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებას უწყობს ხელს.