
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის ხელმძღვანელობით, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორთა საბჭო გაიმართა, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების რექტორები და წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის, მიერ წარდგენილი უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფციით გათვალისწინებული ამოცანები განიხილეს.
საუბარი ასევე შეეხო საკანონმდებლო ცვლილებებს სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის ვადებს, 2026-2027 სასწავლო წლისთვის აბიტურიენტთა მიღების მიზნით უნივერსიტეტების მიერ ანკეტა-კითხვარების წარდგენის ვადებს, უცხოელ სტუდენტთა მიღებისა და ბინადრობის ნებართვების რეგულაციებს.
საბჭო დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მონაწილეებმა რიგ საკითხებთან დაკავშირებით ერთობლივი გადაწყვეტილებები მიიღეს.
შეხვედრის დასასრულს, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სამინისტროსთან აქტიური და კოორდინირებული მუშაობის მზაობა გამოთქვეს.
რექტორთა საბჭოში მონაწილეობა ასევე მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.