ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტებმა ფიცი დადეს

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის საველე საწვრთნელ ბაზა „პალდოზე“, ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის რეზერვისტების ფიცის დადების ცერემონია გაიმართა. საზეიმო ღონისძიებაზე რეზერვისტებს სიტყვით მიმართა ეროვნული გვარდიის მეთაურმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ. მან ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებისთვის ტერიტორიული რეზერვის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ამჯერად, ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურს შეუერთდა ქვეყნის ასამდე მოქალაქე, მათ შორის უმეტესობა სტუდენტები არიან. სამხედრო ფიცის მიღებამდე, მათ საბრძოლო და საცეცხლე მომზადება გაიარეს, რაც ფიზიკური მზადყოფნის შემოწმებას, სამედიცინო მომზადებასა და სროლებს ითვალისწინებდა. გამოვლინდნენ მაღალი დისციპლინისა და საუკეთესო შედეგების მქონე რეზერვისტები, რომლებსაც ღონისძიებაზე მადლობის სიგელები გადაეცათ. სამსახურებრივი მოვალეობის მაღალხარისხოვნად შესრულებისთვის, სამხედრო ხელმძღვანელები და ინსტრუქტორებიც დაჯილდოვდნენ.

ფიცის დადების შემდეგ, რეზერვისტები ტერიტორიული თავდაცვის მე-20 ბრიგადის 201-ე, 202-ე, 204-ე და 205-ე ბატალიონებში განაწილდებიან. რეზერვის სამსახურის მიმართ მოქალაქეთა მზარდი ინტერესის გამო, 205-ე ბატალიონი შეიქმნა, რომელიც დღეს პირველი ნაკადით შეივსო.

ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურში რეზერვისტები ოთხი წელი იმსახურებენ და წლის მანძილზე 45 დღემდე საბრძოლო მომზადებას გაივლიან. გეგმურ შეკრებებზე რეზერვისტები თეორიულ ცოდნას მიიღებენ და კრიზისებზე რეაგირების უნარებს განავითარებენ.

რეზერვისტების ფიცის დადების ღონისძიებას მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.

Back to top button