საქართველოს ტურისტულ პოტენციალს WTM London 2025-ის გამოფენეზე გაეცნენ

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაში WTM London 2025 მიიღო მონაწილეობა. დიდ ბრიტანეთში, ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად 20-ზე მეტი სახელმწიფო ორგანიზაცია და კერძო კომპანია წარდგა.

WTM London 2025-ის გამოფენას დაესწრო ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. გამოფენის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო მარკეტინგული და ავია კომპანიების მენეჯერებთან, ასევე საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში ტურისტული ნაკადების მოზიდვას დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან და ევროკავშირის ქვეყნებიდან.

„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ეროვნული სტენდით წარდგა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან საერთაშორისო გამოფენაზე, ჩვენთან ერთად გამოფენაში მონაწილეობდნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები, ასევე აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, იმერეთის, სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები. აღსანიშნავია, რომ რაც British Airways-მა და Easyjet-მა პირდაპირი ფრენები დაიწყეს საქართველოს მიმართულებით, საქართველოს მიმართ ბრიტანეთში ინტერესი გაზრდილია, მოიმატა ტურისტების რაოდენობამ, ტოპ-10-ში შევიდნენ ბრიტანელი მოგზაურები, როგორც ვიზიტების, ასევე შემოსავლების თვალსაზრისით. ჩვენ სისტემატურად ვატარებთ მარკეტინგულ კამპანიებს დიდ ბრიტანეთში, ამ გამოფენის ფარგლებში, შევხვდით მაღალი რეპუტაციის მედიაორგანიზაციების წარმომადგენლებს: BBC, Euronews და სხვ. ჩვენ ასევე მოლაპარაკება გავმართეთ სხვადასხვა ტურისტული პლატფორმების მენეჯერებთან მათ შორის იყვნენ: Trip Adviser-ის, Expedia-ის, CondeNast Traveler-ის წარმომადგენლები, რომ წარმატებით დავასრულოთ 2025 წელი და 2026 წელს,  დიდ ბრიტანეთში საქართველოს იმიჯი კიდევ უფრო განვამტკიცოთ, ბევრმა მოგზაურმა გაიგოს საქართველოს შესახებ და შემდეგ ეწვიონ ჩვენს ქვეყანას“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

„ამ გამოფენაზე უკვე წლებია ვმონაწილეობთ, 1995 წლიდან,  ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოფენა და მთავარი ღონისძიება ტურისტულ ინდუსტრიაში, რა თქმა უნდა ვამყარებთ ახალ კონტაქტებსაც, პირდაპირ ფრენებზე დიდი ინტერესია და იმედია  გაგრძელდება ეს ფენები,  რაც შესაბამისად გაზრდის ნაკადს დიდი ბრიტანეთდან საქართველოში,  ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ბრიტანელებთან ერთად ვხვდებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანის წამყვან ტურ ოპერატორებს“,-აცხადებს კაუკასუს თრეველის წარმომადგენელი მაია კიკნაძე.

„ლონდონის ტურისტულ გამოფენას ყოველწლიურად ვესწრებით. WTM London საქართველოსთვის ძალიან საინტერესოა, რადგან დიდი ბრიტანეთი მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენეს და ჩვენ მზად ვართ მივიღოთ სტუმრები.  დიდი იმედი გვაქვს რომ კიდევ უფრო გაიზრდება ინტერესი ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპის ქვეყნებიდან“,-აღნიშნა სასტუმრო ბილტმორის გაყიდვების დირექტორმა მარიამ ქუთათელაძემ.

WTM London 2025-ის  გამოფენას 43,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, გამოფენაში 180-ზე მეტი ქვეყნიდან 5,000-ზე მეტი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა. მათ შორის: ავიაკომპანიები, სასტუმროები, ტურისტული და ტექნოლოგიური კომპანიები, ასევე მედიაორგანიზაციები.

Back to top button