ბრაკონიერობის ფაქტების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება

„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია არა მხოლოდ ბრაკონიერობის ფაქტების გამოვლენა, არამედ პრევენცია. პრევენციისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება“, – აღნიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა, მაია ჩხობაძემ.

მაია ჩხობაძის განცხადებით, ბოლო წლებში საკმაოდ გაზრდილია მოქალაქეების აქტიურობა სამინისტროს ცხელ ხაზზე (153). მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, ადამიანები ხშირად აფიქსირებენ ინფორმაციას სავარაუდო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის შესახებ. თითოეულ ზარზე დეპარტამენტის რეაგირება ოპერატიულია. ზედამხედველობის ცენტრალური აპარატისა და რეგიონული სამმართველოების ეკიპაჟები 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ პატრულირებას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და ყველა შეტყობინებაზე მყისიერ რეაგირებას ახდენენ.

„მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციებსაც, რომელთა საფუძველზეც, ბოლო პერიოდში, არაერთი სამართალდარღვევა გამოვლინდა. ასე რომ, დეპარტამენტის ინფორმაციის მიღების წყარო მრავალმხრივია. სამინისტროს სწორი პოლიტიკის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეფექტიანი კონტროლისა და მოქალაქეების ჩართულობით შედეგს აუცილებლად მივაღწევთ და ბრაკონიერობის ფაქტებს მინიმუმამდე დავიყვანთ“, – აღნიშნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსმა.

Back to top button