
შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო სამი პავილიონითაა წარმოდგენილი, საიდანაც ერთი მათგანი მხოლოდ სურსათისა და სასმელების მწარმოებლების პროდუქციას უკავია. მათ შორის, ნატურალური წვენების მწარმოებელი კომპანია „კამპა“, რომელიც ჩინეთის ბაზარზე საკუთარი პოზიციების გამყარებას გეგმავს.
„გამოფენამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი პოტენციური კლიენტი გავიცანით, რაც ძალიან გვახარებს და გვაიმედებს, რომ ჩვენი ბიზნესი შეიძლება მეტად განვითარდეს ჩინეთში. ჩინური ბაზარი საკმაოდ საინტერესოა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბრენდის ცნობადობის გასაზრდელად,“ – განაცხადა კომპანია „კამპას“ წარმომადგენელმა ანი ბახუტაშვილმა.
შანხაის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს. ღონისძიებაში 40-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს, რაც მათ საშუალებას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ ქართული პროდუქცია, კულტურა, ღვინო და გასტრონომია.
საქართველო China International Import Expo-ზე უკვე მერვედ არის წარმოდგენილი. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას.