„აზიური ბაზრის გახსნა საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება“ – „ნიკოლო შოპი“-ს წარმომადგენელი

შანხაიში მიმდინარე ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე China International Import Expo (CIIE) საქართველო საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობს.

ღონისძიებაში 40-მდე ქართული კომპანიითაა წარმოდგენილი, რაც მათ საშუალებას აძლევს ასეულობით ათას ვიზიტორს გააცნონ ქართული პროდუქცია, კულტურა, ღვინო და გასტრონომია. საქართველოს სამი პავილიონიდან ერთი მათგანი ხელნაკეთი და თანამედროვე დიზაინის პროდუქციას უკავია.

კომპანია „ნიკოლო შოპის“ წარმომადგენელი ლია კონჯარია საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი და დიზაინერული პროდუქციისთვის აზიური ბაზრის გახსნას დადებითად აფასებს და შანხაის გამოფენაში მონაწილეობას წარმატებულს უწოდებს.

„ვფიქრობ, ეს გამოფენა ძალიან მნიშვნელოვანია ქართველი მწარმოებლებისთვის, რადგან აზიური, განსაკუთრებით კი ჩინეთის ბაზრის გახსნა საქართველოსთვის ძალიან მომგებიანი იქნება. ჩვენ უკვე მესამე წელია ამ გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, რაც იმას მოწყობს, რომ შანხაის გამოფენა ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ჩვენი პროდუქციისადმი ინტერესი საკმაოდ დიდი იყო და ვფიქრობთ, რომ წლევანდელი გამოფენა სამომავლო წარმატების საწინდარი იქნება,“ – ამბობს „ნიკოლო შოპი“-ს წარმომადგენელი.

China International Import Expo (CIIE) – ი წელს 100-ზე მეტი ქვეყნიდან 3 ათასზე მეტ ორგანიზაციას აერთიანებს, ღონისძიებას კი დაახლოებით 150 ათასი სტუმარი ჰყავს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო China International Import Expo (CIIE)-ზე უწყვეტად, უკვე მერვედ მონაწილეობს. წელს საქართველო ღონისძიებაზე უპრეცედენტო მასშტაბით, 1000 კვ.მ ფართობზე განთავსებული სამი საგამოფენო სივრცით არის წარმოდგენილი. გამოფენაში საქართველოდან მეწარმეებისა და მათი პროდუქციის წარმოდგენას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, უწევს ორგანიზებას.

Back to top button