10 ნოემბერი მეცნიერების მსოფლიო დღეა!

„მეცნიერების მსოფლიო დღე მშვიდობისა და განვითარებისთვის“ 10 ნოემბერს აღინიშნება. თარიღი, რომელიც 2001 წელს UNESCO-ს ეგიდით დაფუძნდა, მიზნად ისახავს მეცნიერების როლის ხაზგასმას მსოფლიო საზოგადოების ყოველდღიურ ცხოვრებაში.

მეცნიერების მსოფლიო დღის 2025 წლის თემაა – „ნდობა, ტრანსფორმაცია და მომავალი — მეცნიერება, რომელიც გვჭირდება 2050 წლისთვის.“

სოფლის მეურნეობის განვითარება ეფუძნება კვლევებს; კვლევებს, რომელიც ქმნის ცოდნას, აჩენს ინოვაციას და ცვლის ფერმერის ყოველდღიურ რეალობას.

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, უკვე 10 წელია, რაც საქართველოში აგრარული მიმართულებით მიმდინარე სამეცნიერო საქმიანობის სათავეშია.

ცენტრი აერთიანებს 18 სამეცნიერო მიმართულებას, ფლობს თანამედროვე ლაბორატორიებს, სათბურებსა და საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებს.

ცენტრის ძირითადი მიმართულებებია: მცენარეთა და ცხოველთა გენეტიკური რესურსების მოძიება, დაცვა და კონსერვაცია; ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების, შინაური ცხოველების, ფრინველების, თევზებისა და სასოფლო-სამეურნეო სასარგებლო მწერების ადგილობრივი გენოფონდის შესწავლა და შენარჩუნება; ახალი ჯიშების გამოცდა და შეფასება; ჯანსაღი სათესლე და სარგავი მასალის წარმოება; ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენა და გაუმჯობესება; ორგანული წარმოების ხელშეწყობა, სურსათის უვნებლობის, ფიტოსანიტარიისა და ვეტერინარიის მიმართულებით რისკების შეფასება.

ცენტრი მუშაობს აგრეთვე სოფლის მეურნეობის პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაზე, მავნებელ-დაავადებებისა და სარეველების ინტეგრირებული მართვის სისტემების განვითარებაზე, აგროტექნოლოგიების ინოვაციურ და კლიმატგონივრულ მოდელებზე, აგროსასურსათო პროდუქციის სერტიფიცირებისა და სტანდარტიზაციის გაძლიერებაზე.

გარდა ამისა, ცენტრი ახორციელებს საერთაშორისო და ადგილობრივ პროექტებს, რომელთა მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს კვლევით ინსტიტუტებთან, უნივერსიტეტებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფერმერულ ასოციაციებთან. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ახალგაზრდა მეცნიერებისა და ფერმერების ჩართულობის გაზრდას, ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაღრმავების მიზნით.

Back to top button