პროკურატურამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან კუპატაშვილი დააკავა

პროკურატურამ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე, ლევან კუპატაშვილი დააკავა.

როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის უფროსმა, მალხაზ კაპანაძემ განაცხადა, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეზე 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

„საქართველოს პროკურატურამ, სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე, 2023 წლის 21 თებერვალს ხიდის ჩანგრევის საქმეზე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლების და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ფაქტებზე, 5 პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

საქართველოს გენერალური პროკურატურის კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წელს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და სამშენებლო კომპანია ,,Akkord’’-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის 11.5 კილომეტრიანი მონაკვეთის და სახიდე გადასასვლელების სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე. აღნიშნულ სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურებას ახორციელებდა ოთხი საერთაშორისო კომპანიისგან შემდგარი ერთობლივი კონსორციუმი, რომლის ადგილზე საქმიანობის ყოველდღიური კონტროლი თავის მხრივ ევალებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტს.

პროექტის მიმდინარეობისა და ხიდის მშენებლობის პერიოდში, საზედამხედველო კომპანიის არცერთი უფლებამოსილი ექსპერტი საქართველოში არ იმყოფებოდა და მშენებლობაზე საზედამხედველო ფუნქცია რეალურად არ ხორციელდებოდა, რაც ასევე ცნობილი იყო საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის.

მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქართველოში არ მყოფი, საერთაშორისო კომპანიის ექსპერტი მაინც ადასტურებდა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლების მიერ ყალბად შედგენილი შესრულებული სამუშაოების აქტებს, რასაც ასევე ხელს აწერდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

Back to top button