მაია ბითაძე გახარიას პარტიას: სწორედ თქვენ იყავით ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ევროკავშირში წერილი გააგზავნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და მოითხოვა საკუთარი სამშობლოს დასჯა – ითხოვდით, რომ არალეგიტიმურად გამოცხადებულიყო პარლამენტი, სადაც დღეს ხართ მობრძანებულები

თქვენ არ იყავით, ხელი რომ მოაწერეთ იმ წერილს, რომელიც ევროკავშირში გაიგზავნა, სადაც ითხოვდით, რომ საქართველო დასჯილიყო, შეწყვეტილიყო ყველა მაღალი დონის შეხვედრა, საქართველო-ევროკავშირის კომისიის შეხვედრები, ტექნიკური დახმარება ჩვენი ქვეყნის მიმართ, არალეგიტიმურად გამოცხადებულიყო პარლამენტი, სადაც დღეს ხართ მობრძანებულები. შესაბამისად, როდესაც საუბრობთ, რომ „ქართული ოცნება“, თურმე, „ნაციონალური მოძრაობის“ შენარჩუნებას უწყობს ხელს, სწორედ თქვენ იყავით ის პოლიტიკური პარტია, რომელმაც ევროკავშირში წერილი გააგზავნა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად და მოითხოვა საკუთარი სამშობლოს დასჯა და ამ ფურცელს ვერსად წაუხვალთ, ეს ყოველთვის თქვენთან ერთად იქნება, – ასე მიმართა პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ „გახარია – საქართველოსთვის“ დეპუტატებს.

ბითაძის განცხადებით, გახარიას პარტია „მხატვრული პროზის სამარცხვინო საღამოებს ატარებს“, იმის ნაცვლად, რომ რეალურად აკეთოს საქმე.

„ჩვენ გითხარით, რომ მზად ვართ, ვიმუშაოთ თქვენთან ერთად, მაგრამ დღეს კვლავ აგრძელებთ საშინელი შეურაცხყოფების გავრცელებას, რასაც ნამდვილად არ შეგარჩენთ არც ერთ ჯერზე. აქ რომ გამოდიხართ და მხატვრული პროზის სამარცხვინო საღამოებს ატარებთ, ვინ დაგიშალათ, რომ რაიმე კანონპროექტი მოამზადოთ? ან არ გქონდათ რაიმე წინასაარჩევნო პროგრამა, რომლის ფარგლებში გქონდათ იდეები, როგორ გააუმჯობესოთ კეთილდღეობა, როგორ აწიოთ უფრო ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნა ბითაძემ.

მან ასევე ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ არჩევენ, მაგალითად, კრწანისის ტყე-პარკის რეალურ ტერიტორიას და იმ ტერიტორიას, სადაც ახალი საინვესტიციო პროექტით უნდა გაშენდეს ურბანული სივრცე.

„საუბარი იყო კრწანისის ტყე-პარკზე და ეკოლოგიურ წონასწორობაზე. ჩემს კოლეგას, რომელიც ჩემი კომიტეტის წევრია, გუშინაც შევუსწორე რაღაცები და მან დღესაც ვერ გაარჩია ერთმანეთისგან განგაშის სისტემა და ადრეული გაფრთხილების სისტემა, ასევე, სავარაუდოდ, ვერ არჩევს ორ პოსტს ერთმანეთისგან – მათ შორის, იმ ტერიტორიას, სადაც უნდა გაშენდეს ახალი ინვესტიციით ურბანული ახალი სივრცე, კრწანისის რეალური ტყე-პარკისგან. ჩვენ გველაპარაკებით ეკოლოგიური წონასწორობის შენარჩუნებაზე, როდესაც ძალიან დიდი, თვალნათელი და მასშტაბური რეფორმები გავატარეთ გარემოს დაცვის კუთხით ყველა მიმართულებით. კრწანისის ტყე-პარკთან დაკავშირებით რუსთავის მერიასთან ერთად გამუდმებით ვმუშაობთ და უფრო მეტიც, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფონდიდან“, რომელიც ჩვენ შევქმენით წინა მოწვევის პარლამენტში, თანხების აკუმულირება და მიმართვა სწორედ კრწანისის ტყე-პარკის რეაბილიტაციაზე მიდის და დიდია ეს ტერიტორია, გაერკვიეთ საერთოდ, რა ტერიტორიაზეა საუბარი. თქვენ თუ ასე აპირებთ ზეპირად, ჩვენი შეურაცხყოფის ხარჯზე პოლიტიკური ქულების დაწერას, გარანტიას გაძლევთ, რომ განწირული ხართ, როგორც პოლიტიკური პარტია. გირჩევთ, რომ რეალური საქმის კეთებაში ჩაერთოთ და თავი შეიკავოთ „ქართული ოცნების“ წევრების, ჩვენი სამთავრობო გუნდის შეურაცხყოფისგან“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

Back to top button