
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის განცხადებით, ცვლილებით, სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი, რომლის შესახებაც საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტი მომზადდება. მისი თქმით, დღემდე ასეთი წინაპირობები არ არსებობდა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მთავრობა გადაწყვეტილებას ინდივიდუალური განხილვის შემდეგ იღებდა.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, კანონში შეტანილი ცვლილების შესაბამისად, მთავრობას დაევალება, შეიმუშავოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელშიც ზედმიწევნით გაიწერება, რა შემთხვევებში იქნება შესაძლებელი სახელმწიფო ქონების გაცვლა ან პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება.
„პირდაპირი მიყიდვა საგამონაკლისო ნორმაა და აქამდე საქართველოს კანონმდებლობით მკაცრად რეგლამენტირებული არ იყო. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობამ შეიმუშავა ცვლილებები შესაბამის კანონში, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე მიიღო. მთავრობის ნორმატიული აქტით, დეტალურად გაიწერება კონკრეტული შემთხვევები, როგორ განხორციელდება პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება, ან ქონების გაცვლა,” – აღნიშნა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
ახალი რეგულაციის მიხედვით, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის მიღებიდან სამოცი დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.