
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძეს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ ჟენ იოუცუნმა უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის გაფართოების გზები და ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხები განიხილეს.
ხაზი გაესვა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ნაყოფიერ პარტნიორობას და აქცენტები გაკეთდა სამომავლო ურთიერთობების გაძლიერებაზე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.
გივი მიქანაძემ სამინისტროებს შორის გაფორმებული მემორანდუმის განახლების სურვილი გამოთქვა. მისი თქმით დოკუმენტი, რომელიც 2001 წელს გაფორმდა, ვეღარ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს და შეცვლას საჭიროებს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2026 წელს დაიწყება განახლებულ დოკუმენტზე მუშაობა.
შეხვედრისას ყურადღება ასევე დაეთმო საქართველოში ჩინური ენის სწავლების მასშტაბების ზრდის პარალელურად საჭირო კადრების გადამზადებას, სკოლებში ციფრული საკლასო ოთახების მოწყობას, სწავლა-სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირებას, უნივერსიტეტებში კონფუცის ინსტიტუტების ამოქმედებას და პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის კავშირების გაძლიერებას.
აღინიშნა, რომ მომავალი წლიდან ამოქმედდება სამუშაო ჯგუფი, რომლის წევრებიც ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში რეგულარულად განიხილავენ სხვადასხვა აქტუალურ საკითხს.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილემ მადლიერება გამოხატა ჩინური ენის სწავლების განვითარების კუთხით საქართველოში ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯებისთვის და ქართულ მხარესთან თანამშრომლობის გაფართოების სრული მზაობა გამოთქვა.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში პაატა კალანდაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და ენის განათლებისა და თანამშრომლობის ცენტრის წარმომადგენლები.