
საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სტუდენტური ორგანიზაციის „ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის” მოსწავლეებთან საქართველოს პროკურატურის საქმიანობასა და ფუნქციებზე საჯარო ლექცია გაიმართა.
შეხვედრაზე პროკურატურის წარმომადგენლებმა მოსწავლეებთან პროკურატურის ფუნქციებზე, პროკურატურის საქმიანობაზე, სისხლის სამართლის საქმის მსვლელობის ეტაპებზე, მტკიცებულებების მოპოვებაზე, ასევე სისხლის სამართლის დევნასა და საქმის სასამართლოში წარმართვაზე ისაუბრა. შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე და პროკურატურის სტაჟირების კონკურსზე.
შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის საქართველოს პროკურატურის უფლებამოსილების, სტრატეგიის, ამოცანების და პრინციპების გაცნობა და მათი ცნობიერების ამაღლება პროკურატურის საქმიანობის შესახებ, ასევე ახალგაზრდებში პროკურატურის, როგორც უწყების პოპულარიზაცია.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს.
მოსწავლეებთან შეხვედრა სამ ეტაპად გაიმართა და მასში 130-მდე მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროკურატურა მოსწავლეებთან ინფორმაციულ შეხვედრებს აქტიურად ატარებს და მზადყოფნას გამოთქვამს, რომ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც აქტიურად გააგრძელოს ისეთი მიზნობრივი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც ახალგაზრდების პროფესიულ განვითარებას და მათი სამართლებრივი ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.