
გერმანიის თავდაცვის მინისტრის ბორის პისტორიუსის განცხადებით, რუსეთი ნატოს წევრ სახელმწიფოს, შესაძლოა, 2029 წლამდე თავს დაესხას.
„ეს საკითხი სპეკულაციურად რჩება. სამხედრო ექსპერტებს და სპეცსამსახურებს შეუძლიათ, მიახლოებით შეაფასონ, როდის აღადგენს რუსეთი თავის შეიარაღებულ ძალებს იმ დონემდე, რომ შეეძლება, ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე მდებარე ერთ-ერთ ქვეყანას დაარტყას.
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ეს, შეიძლება, მოხდეს 2029 წელს. ახლა გამოჩნდნენ ისეთები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს შესაძლებელია 2028 წელს, ხოლო ზოგიერთი სამხედრო ისტორიკოსი აცხადებს, რომ ჩვენ წელს ბოლო მშვიდობიანი ზაფხული გვქონდა“, – აცხადებს გერმანიის თავდაცვის მინისტრი.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთის მხრიდან მუქარების მხრივ ვითარება ბოლო წლებში ძალიან შეიცვალა, თუმცა ამის გაცნობიერება 2022 წელს მოხდა.
„ახლა უკვე ცხადია, რომ მოსკოვი არის დიდი მეტოქე, რომელიც იქცევა მაქსიმალურად დაუნდობლად და იმპერიალისტურად. ამისთვის ჩვენ კიდევ უკეთესად უნდა ვიყოთ მზად“, – აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
პისტორიუსის თქმით, ნატომ არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ თავს ვერ დაიცავს, რადგან „ეს ასე არ არის“.
პისტორიუსის განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს შეკავების მნიშვნელოვანი პოტენციალი, როგორც „ჩვეულებრივი, ისე ბირთვულიც“, ხოლო გერმანიას ჰყავს ბრძოლისუნარიანი შეიარაღებული ძალები, მაგრამ საჭიროა მათი უკეთ აღჭურვა“.