მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის პორტის ტენდერის პროცესში, ვაზუსტებთ პირობებს, რათა მთავრობამ ამ პროექტშიც შეძლოს სახელმწიფო ინტერესის გატარება და საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა

“შუა დერეფანში საქართველოს როლის გაძლიერება არის ფუნდამენტური ღირებულების მომტანი და დიდი მნიშვნელობის მქონე ჩვენი ქვეყნისთვის,”- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანზიტულ – ლოგისტიკური ჰაბის ფუნქციის გაძლიერება, უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შუა დერეფნის განვითარებისა და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით, საქართველო აქტიურად თანამშრომლობს დერეფნის მონაწილე სხვა ქვეყნებთან, მათ შორის, აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა სატრანსპორტო – ლოგისტიკურ პროექტებზე, რომელთა განვითარებაც გაზრდის საქართველოს როლს შუა დერეფანში. მისი თქმით, სახელმწიფო მნიშვნელოვან რესურსს ხარჯავს საქართველოს რკინიგზის მოდერნიზების პროცესში, რომელიც ფაქტობრივად, დასრულებულია და რითიც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო და გააორმაგა ტვირთბრუნვის მოცულობა, მათ შორის, დაჩქარდა რკინიგზის მობილობა და ტვირთების გადაზიდვის დრო.

მინისტრმა ასევე ყურადღება გაამახვილა მაგისტრალური საავტომობილო გზების რეაბილიტაცია – მშენებლობაზე, რაც, მისი შეფასებით, დაკავშირებადობის ზრდას დააჩქარებს.

მარიამ ქვრივიშვილმა განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე, სადაც მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. „ანაკლიის პროექტს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უდიდესი ღირებულება აქვს. ეს არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი და სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ სახელმწიფომ უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტით. ანაკლიაში სახელმწიფო უკვე აშენებს მთავარ ფუნდამენტურ ინფრასტრუქტურას, რაც არის დემონსტრირება იმისა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან ღირებულია,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრი ასევე შეეხო ანაკლიის პროექტისთვის პარტნიორის გამოვლენის სატენდერო პროცესს. „ანაკლიის პროექტში ჩვენ ვეძებთ პარტნიორს, რომელიც მოიზიდავს პორტისკენ ტვირთებს, მაგრამ ამავდროულად იქნება გარკვეული სახის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციის განმახორციელებელიც. მიმდინარე ტენდერის პროცესში დღეს ვაზუსტებთ გარკვეულ საკითხებს იმისათვის, რომ სახელმწიფომ ამ პროექტშიც, უპირველესად, სახელმწიფო ინტერესის გატარება და საუკეთესო პირობების უზრუნველყოფა შეძლოს ჩვენი ქვეყნისთვის, მისი ეკონომიკისთვის და განსაკუთრებით ისეთი სტრატეგიული პროექტისთვის, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური,” – აღნიშნა მინისტრმა.

Back to top button