მარიამ ქვრივიშვილი: თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში ცალკეული სექტორების სინქრონული განვითარება

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველომ მაქსიმალურად გაზრდილი მგზავრთნაკადის და ტურისტული ნაკადების ღირსეულად მასპინძლობა უზრუნველყოს. აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით, სიღრმისეული ანალიზი გავაკეთეთ და მომზადდა ეკონომიკური მიზანშეწონილობის გეგმა ახალი აეროპორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. განსაზღვრული გვაქვს მგზავრთნაკადის, ტვირთბრუნვისა და ტურისტული ნაკადების პროგნოზი 2050 წლამდე. უკვე ცალსახად ვხედავთ, რომ თბილისის დღეს არსებული აეროპორტი, მისი ტერიტორიული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ვერ შეძლებს, გაზრდილ მგზავრთნაკადს გაუმკლავდეს,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს ავიაციის ინდუსტრიაში რეკორდული მონაცემები დაფიქსირდა და დღეისათვის 70-ზე მეტი ავიაკომპანია 120-ზე მეტი პირდაპირი მიმართულებით ოპერირებს.

„ეს არის ისტორიული მაქსიმუმი და ფაქტობრივად, ყოველ კვარტალში ერთხელ საქართველოს ავიაბაზარზე ახალი საერთაშორისო ავიაკომპანია შემოგვყავს. ეს კიდევ ერთხელ არის ჩვენი ქვეყნის ტურისტული პოტენციალისა და პროდუქტის აღიარება. ასევე რეკორდულია ტურიზმიდან შემოსავლებიც, რომელმაც 2025 წლის სამ კვარტალში 3,6 მლრდ დოლარი შეადგინა და რეკორდულია ასევე ტურისტული ნაკადები და დინამიკა. სწორედ ამიტომ, გეგმაზომიერად ვიყურებით მომავალში იმისათვის, რომ თანმიმდევრულად განვავითაროთ უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო ინფრასტუქტურა,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ახალი საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოში ცალკეული სექტორების სინქრონული განვითარება.

„სწორედ ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ახალი საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის შესახებ. ახალ აეროპორტს ექნება 2 ახალი მნიშვნელოვანი ფუნქცია – პირველ რიგში, იქნება ტრანზიტულ – ლოგისტიკური ჰაბი და შეიძენს სატრანზიტო ფუნქციასაც. გარდა ამისა, გვინდა განვავითაროთ საჰაერო ტვირთბრუნვა და უზრუნველვყოთ ისეთი დამატებითი სერვისების შექმნა საავიაციო ინფრასტრუქტურის ტერიტორიაზე, რაც ხელს შეუწყობს ტვირთბრუნვის ზრდას და ამ ეკოსისტემაში დიდ ეკონომიკურ ღირებულებას შეიტანს,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის ინფორმაციით, ვაზიანის აეროპორტი ექსპლუატაციაში 2031 წელს უნდა შევიდეს.

„პროექტის საინვესტიციო ღირებულება 1,250 მლრდ დოლარი იქნება. ვინ იქნება ახალი აეროპორტის ინვესტორი და ოპერატორი, ეს ღია საერთაშორისო ტენდერის საგანია, რომელსაც სახელმწიფო ძალიან გამჭვირვალე პროცედურით ჩაატარებს,” – აღნიშნა მან.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, მსხვილი პროექტების საერთაშორისო პარტნიორის შერჩევის პროცესში სახელმწიფო მხოლოდ საქართველოს ინტერესებით იხელმძღვანელებს.

„ჩვენი, როგორც სახელმწიფოს, მიდგომა თქვენ ნახეთ „იგლ ჰილსის” კონტრაქტში, იგივეს ნახავთ ანაკლიის პროექტში და აეროპორტის შემთხვევაშიც. ჩვენი ხელისუფლება ყოველთვის ქვეყნის ინტერესებით ხელმძღვანელობს. ჩვენ არ ვეძებთ მხოლოდ ინვესტორს, რომელსაც შეუძლია 1,250 მლრდ დოლარის ინვესტიცია მოიძიოს, არამედ შევარჩევთ ისეთ პარტნიორს, რომელიც გამოცდილია აეროპორტის ოპერირებასა და მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის კუთხით, რადგან ჩვენი ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურა დაკავშირებულია საავიაციო სექტორის განვითარებასთან,” – აღნიშნა მინისტრმა.

Back to top button