აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტით მყოფი სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოში იმყოფება და შეხვედრებს გამართავს როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან.

საელჩოს ცნობით, ასკონასის ვიზიტის მიზანია, განიხილოს, თუ როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP).

„მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს (უფროს მრჩეველს) ჯონათან ასკონასს საქართველოში! მისი ვიზიტის მიზანია, განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველო, მხარი დაუჭიროს „ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“ (TRIPP). ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია.

დღეს დილით დოქტორი ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს – „სადახლო საავტომობილო“, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად აშშ-ის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ვიზიტის ფარგლებში ის ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს“, – ვკითხულობთ აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Back to top button