
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე Huawei-ს სათავო ოფისს ესტუმრა და კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ ჟანგ ჩენგ ტაოს შეხვდა.
ვიცე-პრეზიდენტმა მინისტრს კომპანიისსაქმიანობა, უახლესი გამოგონებები და ის ინოვაციური პროექტები გააცნო, რომელსაც Huawei სხვადასხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებს სთავაზობს.
გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ჟანგ ჩენგ ტაოს მასპინძლობისთვის და Huawei-სთან ნაყოფიერ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, Huawei არის თანამედროვე ტექნოლოგიების ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც აქტიურადაა ჩართული როგორც ჩინეთის, ასევე, პარტნიორი ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემის განვითარებაში.
შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა Huawei-ს მიერ საქართველოს სკოლებში სმარტ კლასების მოწყობაზე, რაც სასწავლო პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრირების კუთხით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა ქართულ მხარესთან პარტნიორობა დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ Huawei თბილისის ერთ-ერთ სკოლას უსასყიდლოდ გადასცემს სმარტ საკლასო ოთახის მოწყობისთვის საჭირო აღჭურვილობას.
საუბრის დასასრულს მხარეები არსებული თანამშრომლობის გაძლიერებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.
Huawei-ს სათავო ოფისში სტუმრობამდე გივი მიქანაძე ასევე ეწვია შენჟენის ექსპერიმენტულ სკოლასა და პოლიტექნიკურ უნივერსიტეტს, სადაც მიმდინარე სასწავლო პროცესს დაესწრო.
Huawei-ს ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ქარუმიძე, Huawei საქართველოს წარმომადგენლობის გენერალური დირექტორი ლუ პენგჩონგი და კომპანიის სხვა წარმომადგენლები.