თენგიზ შარმანაშვილი არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე: რეაბილიტაციის ცენტრები, ეს არ არის პენიტენციური დაწესებულებები. მთავარი ამოცანა იქნება რესოციალიზაცია, დახმარება, რათა კრიმინალურ სამყაროს მოსწყდნენ

რეაბილიტაციის ცენტრები, ეს არ არის პენიტენციური დაწესებულებები, – განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე საუბრისას.

მისი თქმით, მთავარი ამოცანა არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია იქნება.

„რეაბილიტაციის ცენტრები, ეს არ არის პენიტენციური დაწესებულებები. ანუ, მათ ის რეჟიმი არ ექნებათ, რაც პენიტენციურ დაწესებულებაში. მათი მთავარი ამოცანა იქნება რესოციალიზაცია, დახმარება, რათა კრიმინალურ სამყაროს მოსწყდნენ და ამასთან დაკავშირებით განსაკუთრებული პროგრამები იქნება. ბევრს ეშლება და ჰქონიათ, რომ ეს არის კოლონიის მაგვარი დაწესებულება, რაც ასე არ იქნება. ეს იქნება სრული რეაბილიტაციის ცენტრები, სადაც მათ ღირსეულად მოეპყრობიან და შეეცდებიან, რომ ჩამოაშორონ კრიმინალურ სამყაროს.

საერთო მიზანი ერთია, რესოციალიზაცია და რეაბილიტაციის საკითხები, მაგრამ რა თქმა უნდა, მიდგომები სხვადასხვა იქნება“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

პარლამენტი არასრულწლოვანთა შესახებ სპეციალური კანონის განხილვას იწყებს. კანონის მიზანია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ არასრულწლოვანთა ინდივიდუალური საჭიროებების დადგენის გზით მათი რესოციალიზაცია, რეაბილიტაცია, მხარდაჭერა და დანაშაულის პრევენციის ხელშეწყობა. კანონპროექტი გერმანული კანონის ანალოგია.

Back to top button