Deutsche Welle: ჩინეთი გერმანიის ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორი კიდევ ერთხელ გახდა

„ჩინეთი კვლავ გერმანიის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი გახდა, რომელმაც შეერთებულ შტატებს გადაუსწრო. იანვრიდან სექტემბრამდე გერმანიაში ჩინური პროდუქციის იმპორტი მკვეთრად გაიზარდა. გერმანელი ექსპერტები ჩინურ კომპანიებს დემპინგში ადანაშაულებენ და ევროკავშირისგან ტარიფების დაწესებას ითხოვენ“, – ამის შესახებ წერს გამოცემა Deutsche Welle.

ვისბადენში მდებარე ფედერალური სტატისტიკური სამსახურის (Destatis) მიერ, 19 ნოემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის იანვრიდან სექტემბრამდე, ჩინური საქონლის გერმანული იმპორტი 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8.5%-ით გაიზარდა და 124.5 მილიარდ ევროს მიაღწია.

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის, სულ 185,9 მილიარდი ევრო შეადგინა. ამასობაში, გერმანიის ექსპორტი ჩინეთში 12,3%-ით შემცირდა და 61,4 მილიარდი ევრო შეადგინა. გამოცემის ცნობით, 2016-2023 წლებში ჩინეთი გერმანიის ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი იყო. 2024 წელს ეს პოზიცია აშშ-მა დაიკავა, თუმცა 2025 წლის იანვრიდან გერმანიის ექსპორტი აშშ-ში შემცირდა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული სატარიფო პოლიტიკის გამო, რამაც ასევე, საერთო სავაჭრო მოცულობის შემცირებაც გამოიწვია.

Back to top button