
სასამართლო დავების პარალელურად ბიძინა ივანიშვილის მიმართ პოლიტიკური დევნა დროთა განმავლობაში ახალ მასშტაბებს და აბსურდულობის ახალ მწვერვალებს იპყრობდა, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციამ სანქციები დაუწესა მას საქართველოში „რუსული ინტერესების“ გატარების საბაბით. აშკარად იკვეთება, რომ არაფორმალურ მმართველებს, იგივე „დიპ სტეიტს“ აშკარად უჭირს სასამართლო სისტემის და პროცესების გაკონტროლება, მით უმეტეს, როდესაც საქმეში იოტისოდენა კითხვის ნიშნები არ არსებობს, მაგრამ მათ ხელთ აქვთ სხვა არაერთი ბერკეტი, მათ შორის ჩემ მიერ ხსენებული სანქციები, – ნათქვამია ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ წერილში.
ადვოკატი წერილში ახსენებს კიდევ ერთ ბანკს, „ჯულიუს ბაერს“, და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს.
„გარდა იმისა, რომ ამერიკის წინა ადმინისტრაციიდან არავის აუხსნია, კონკრეტულად რის გამო დააწესეს სანქცია, რა იყო ის „რუსული ინტერესი“, რომელიც ბატონმა ივანიშვილმა საქართველოში გაატარა, უსაფუძვლოდ, უმიზეზოდ დაწესებული სანქცია სწორედ იმ თანხაზე მიმართეს, რომლის შესახებ გადაწყვეტილება ლონდონში სწორედ 24 ნოემბერს გამოცხადდება. ეს არის ორიდან ერთ-ერთი მსხვილი აქტივი, რომელიც ბატონ ივანიშვილს უცხოეთში აქვს. სანქციების დაწესებამ იმ თანხაზე, რომელიც ჩემს მარწმუნებელს ჯერ საბოლოოდ სამართლებრივი გზით არ დაუბრუნებია, მარტივი მესიჯი იყო ჩვენთვის – „შესაძლოა სასამართლო მოიგოთ, მაგრამ აქტივის დაბრუნების საკითხს მაინც ჩვენ გადავწყვეტთ“!
არის კიდევ ერთი, უფრო მეტაც ცინიკური და თეთრი ძაფით ნაკრები საქმე სპეცსამსახურების მიერ კონტროლირებად შვეიცარიაში, კერძოდ ბანკ „ჯულიუს ბაერში“. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მიერ დაწესებული სანქციები არანაირ კავშირში არ არის ამ თანხასთან, ბანკმა ხულიგნურად გააჩერა როგორც ბატონი ივანიშვილის აქტივი, ასევე თანხაზე წვდომა შეუზღუდა მის მეუღლეს და შვილებს. და თუ ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში შვეიცარიის ბანკი სრულიად აბსურდულად, მაგრამ მაინც საბაბად ამერიკულ სანქციებს იყენებს, ვერაფერს და არაფერს ამბობს იმაზე, თუ რატომ აქვს დაყადაღებული მეუღლის და შვილების თანხები. სპეცსამსახურები წინა ადმინისტრაციის ხელით ბატონი ივანიშვილის მეუღლეს და შვილებს „რუსული ინტერესების გატარებისთვის“ ვერ დაასანქცირებდნენ, რადგან ეს „დიპ სტეიტისთვისაც“ კი გადამლაშება იქნებოდა, თუმცა სადაც ფორმალური მიზეზების მოძებნა უჭირთ, უხეშ, ყაჩაღურ მეთოდებზე გადადიან,“- ნათქვამია ადვოკატის მიერ.
მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება.
„ასეთია ძალიან მოკლე მიმოხილვა იმ პროცესების, რომელიც წლებია გრძელდება და რომელმაც ჩვენ თვალწინ შექმნა უპრეცედენტო მაგალითი ადამიანის დევნის, ძარცვისა და შანტაჟის მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები დააყენა ყველაფერზე მაღლა და არ იქცა სპეცსამსახურების, იგივე „დიპ სტეიტის“ მითითებების შემსრულებლად. სხვა მაგალითებს რომ თავი დავანებოთ, აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი პირდაპირ აღიარებს, რომ წინა ადმინისტრაცია მთლიანად არაფორმალური გავლენების მქონე პირებისგან იმართებოდა, ხოლო თავად ხმალამოღებული იბრძვის ამ ძალების წინააღმდეგ. ბიძინა ივანიშვილის მიმართ დაწესებული სანქციებიც სწორედ ამ არაფორმალური მმართველების მიერ არის დაწესებული და ამ მხრივ ტრამპის გადაწყვეტილება ჩვენთვის იქნება რეალურად ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, არის თუ არა პრეზიდენტის ბრძოლა „დიპ სტეიტის“ წინააღმდეგ რეალური.
რაც შეეხება ოპოზიციისა და მათ მიერ კონტროლირებული მედიის სპეკულაციებს ლონდონში ჩანიშნული ბოლო სასამართლოს, დაყადაღებული თანხებისა და ბრიტანეთიდან მოსალოდნელი თითქოს და დამატებითი სანქციების თაობაზე, გაუგებარია რა უხარიათ ამ გაკოტრებულ ძალებს. ბიძინა ივანიშვილმა ზუსტად იცის, რომ რა შედეგებითაც უნდა დასრულდეს სასამართლო და სავარაუდოდ, ორი ინსტანციის კვალდაკვალ მესამე ინსტანციაშიც გავიმარჯვებთ, ამ თანხების დაბრუნება არ მოხდება“,- ვკითხულობთ წერილში.
თეიმურაზ წიქვაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მხარისთვის უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა იგეგმებოდა 24 ნოემბერს, რამდენადაც ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ აღნიშნული ბანკები მას და მის ოჯახს მათთან დაკავშირებულ თანხებს არ განაკარგვინებენ, პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით.
„აქვე საზოგადოებას დარწმუნებით და სრული პასუხისმგებლობით ვუცხადებთ, რომ ჩვენი მხარისთვის ისიც კი უცნობი იყო, რომ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანა 24 ნოემბერს იგეგმებოდა, რაც საჯარო სივრციდან გავიგეთ. აღნიშნულის მთავარი მიზეზი კი ის არის, რომ ბატონი ივანიშვილი აბსოლუტურად შეგუებულია იმ ფაქტს, რომ არც „კრედიტ სუისის“ საქმესთან დაკავშირებულ და არც „ჯულიუს ბაერში“ აკუმულირებულ თანხებს (აღნიშნულ ბანკთან ბატონი ივანიშვილი მიმოწერასაც კი აღარ აწარმოებს მათი მხრიდან ჩადენილ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით), მას და მისი ოჯახის წევრებს არ განაკარგინებენ. ისევ და ისევ პოლიტიკური დევნისა და შანტაჟის გათვალისწინებით.
ბატონი ივანიშვილი და მისი ოჯახი ამ თანხების გარეშეც აგრძელებს ერთი მხრივ ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და ეკონომიკური სტაბილურობის დაცვას, მეორე მხრივ კი საქველმოქმედო საქმიანობას“, – ვკითხულობთ წერილში.