
Credit Suisse-თან დავა რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა და პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, არის მძიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ფულის განკარგვის უფლების ჩამორთმევით დასაჯო ადამიანი მხოლოდ იმიტომ რომ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს,- ასე ეხმიანება “ხალხის ძალის” წევრი, თამთა მეგრელიშვილი ბიძინა ივანიშვილის ადვოკატის, თეიმურაზ წიქვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებას.
მეგრელიშვილი მიმართავს ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ თავი დაანებონ უცხოეთიდან მიღებული დავალებების შესრულებას, რამდენადაც ძალიან სასაცილოები ჩანან ბიძინა ივანიშვილის ფონზე.
“Credit Suisse-თან დავა რომელიც სამართლებრივ ჩარჩოებს გასცდა და პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, არის მძიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება საკუთარი ფულის განკარგვის უფლების ჩამორთმევით დასაჯო ადამიანი მხოლოდ იმიტომ რომ ის საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს.
შინაარსიდან გამომდინარე საქმე მარტივია, მთელი სისტემის მხრიდან ერთი ადამიანის მიზანმიმართული დაყაჩაღების სქემა მთელი სიცხადით ჩანს.
ამ საქმეზე სინგაპურში წარმოებული დავა ბიძინა ივანიშვილის გამარჯვებით დასრულდა, ასევე მან გაიმარჯვა ბერმუდაზე ორი ინსტანციის სასამართლოში და ახლა, სწორედ მესამე და უმაღლესი ინსტანცია გამოაცხადებს ამ საქმეზე გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულზე წინსწრებით რაიმეს პროგნოზირება არ არის გონივრული და არც შეიძლება, მაგრამ ბიძინა ივანიშვილის მიმართ “დიპ სტეიტის“ მხრიდან არსებული განწყობები მარტივად იკითხება და ამ საქმის ირგვლივ მისთვის სასარგებლოდ დაზუსტებულ მოლოდინებს არ შეიცავს.
ამ საქმეზე უმაღლესი ინსტანციის გადაწყვეტილების შემთხვევაშიც შესაძლოა მას არ მიეცეს მისივე ფულის განკარგვის უფლება და შესაძლოა ეს საკითხი კვლავ დაიტოვოს “დიპ სტეიტმა” იარაღად მცდელობისთვის ბიძინა ივანიშვილზე მოახდინოს პოლიტიკური ზეგავლენა.
ამ საქმეს თეთრი ძაფით ნაკერის ეფექტით თან გასდევს “კრედიტ სუისში“ მომუშავე პერსონალური ბანკირი პატრის ლესკუდრონის მკვლელობა თუ თვითმკვლელობა.
სწორედ მისი ხელით გაძარცვეს ბატონი ივანიშვილის ანგარიშები, წლების შემდეგ კი ის ტყეში, ხეზე ჩამოკიდებული იპოვნეს, ხოლო ფაქტს თვითმკვლელობის კვალიფიკაცია მიანიჭეს და საქმე ამით დაიხურა.
ამ საქმით ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკური დევნის პროცესში ფაქტობრივად განულდა შვეიცარიის საბანკო სისტემის პრესტიჟი, ხოლო ერთ დროს მსოფლიოში ნომერ პირველი ბანკი „კრედიტ სუისი“ გაკოტრებამდე მივიდა.
ბიძინა ივანიშვილის გარდა მის შვილებსა და მეუღლეს დაუყადაღეს თანხები და ეს შემთხვევაც ვერაფრით მართლდება.
ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი მათ მიმართ უსამართლოდ მოქმედი ძალების პირობებშიც, ამ თანხების გარეშეც ეწევა ქველმოქმედებას და ყოველ დღე ამტკიცებს, რომ მისთვის ქართული სახელმწიფო არაფერზე არ იყიდება!
ვადაგასულო პოლიტიკოსებო, ოპოზიციური განწყობები თავის თავში ობიექტურობას არ გამორიცხავს და შეეშვით გარედან შეკვეთილი ნარატივის გაჟღერებას, იქედან მიღებული დირექტივებით პოლიტიკაშიც და ქართველობაშიც ბიძინა ივანიშვილის ფონზე ძალიან სასაცილოები ჩანხართ”,- წერს თამთა მეგრელიშვილი.