
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელსაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტი ადელა დე ლა ტორე და აკადემიური დელეგაცია ესწრებოდა.
მინისტრმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, საქართველოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის არსებული პარტნიორობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და უნივერსიტეტის აკადემიურ დელეგაციას აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა.
გივი მიქანაძემ შეხვედრის მონაწილეებს უმაღლესი განათლების რეფორმა გააცნო, რომელიც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა საზოგადოებას. მისი თქმით, რეფორმა უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლებას ემსახურება და შედეგად, საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლების სისტემა ჩამოყალიბდება.
შეხვედრაზე მონაწილეებმა სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაძლიერების მზაობა გამოხატეს.
მრჩეველთა საბჭოს შეხვედრას, რომლის მიზანს უნივერსიტეტებსა და საჯარო-კერძო სექტორებს შორის კავშირების გამყარება წარმოადგენდა, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეები ზვიად გაბისონია და ბაია კვიციანი ესწრებოდნენ.