
ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის EUROCONTROL – ის გაფართოებული კომიტეტის სხდომაზე საქაერონავიგაციის ეკონომიკური სამსახურის უფროსი თეონა ერქომაიშვილი 2026 – 2027 წლებში EUROCONTROL – ის მარშრუტზე მოძრაობის გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტის თანამდებობას დაიკავებს.
„საქაერონავიგაციის“ ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელი ერთხმად აირჩიეს.
„აღნიშნული კომიტეტი ერთერთი ცენტრალური სამუშაო ფორმატია ევროპული საჰაერო ნავიგაციის მართვის სისტემაში და მნიშვნელოვანი როლი აქვს საჰაერო მოძრაობის ოპტიმიზაციის, საჰაერო სივრცის მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურებისა და საერთო ევროპული ცის ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.
გაფართოებული კომიტეტის პრეზიდენტის როლში მისი პასუხისმგებლობა მოიცავს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ხარჯების განსაზღვრის პრინციპების განსაზღვრას და მარშრუტის სააერნაოსნო მომსახურების გადასახდელის გამოთვლის და დარიცხვის წესების დადგენას. ყოველი წლის ნოემბრის თვეში კომიტეტი განიხილავს ორგანიზაციის 42 წევრი ქვეყნის დანახარჯთა ბაზას და მომავალი წლისთვის დაგეგმილ მარშრუტზე სააერნაოსნო მომსახურების ერთეულის განაკვეთს.
2026 წლიდან, თეონა ერქომაიშვილის ხელმძღვანელობით, კომიტეტი მიღებულ გადაწყვეტილებებს დასამტკიცებლად EUROCONTROL-ის მმართველთა საბჭოსა და გაფართოებულ კომისიას წარუდგენს. პრეზიდენტის რანგში, თეონა ერქომაიშვილი უზრუნველყოფს სტრატეგიული შეხვედრების ხელმძღვანელობას, მაღალი დონის მოხსენებებისა და ტექნიკური პრეზენტაციების მომზადებასა და წარდგენას, შეხვედრების დღის წესრიგის შინაარსობრივ დაგეგმვას და პროცესის ეფექტიან მართვას.
ქართველი სპეციალისტის საქმიანობა პირდაპირ იქნება მიმართული ფრენების დაგვიანებების მინიმიზაციაზე, უსაფრთხოების სტანდარტების შემდგომ გაძლიერებაზე და ევროპული ავიაციის კონკურენტუნარიანობის ზრდაზე — როგორც ფინანსურ, ასევე საოპერაციო ჭრილში, რაც მთლიანად ავიაციის სექტორის სტაბილურ და პროგნოზირებად განვითარებას უწყობს ხელს. EUROCONTROL -ის გაფართოებული კომიტეტის 125-ე სხდომა 2025 წლის 19-20 ნოემბერს ბელგიის ქ. ბრიუსელში გაიმართა. შეხვედრას EUROCONTROL – ის 42 წევრი ქვეყნის, IATA -ს და EUROCONTROL-ის წარმომადგენლები დაესწრნენ. სხდომაზე საქართველოს დელეგაცია შეხვედრაზე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს და საქაერონავიგაციის წარმომადგენლებისგან შედგებოდა“ – აცხადებენ უწყებაში.
აღსანიშნავია, რომ თეონა ერქომაიშვილს 2020-2023 წლებში EUROCONTROL ის ექსპერტთა ჯგუფის თავმჯდომარის და გაფართოებული კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა.