აშშ-ში ერთ-ერთმა ყველაზე პოპულარულმა ღვინის შოუმ – „V is for Vino“ ქართული ღვინის შესახებ ვრცელი სიუჟეტი მოამზადა

სიუჟეტის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია და ის „V is for Vino“-ს ყველა პლატფორმაზე –  ოფიციალურ გვერდზე, სოციალური მედიის არხებზე, საკაბელო ტელეარხზე-ReachTV და ამერიკის მასშტაბით 90-ზე მეტ აეროპორტში განთავსდა.

სიუჟეტში, ქართული ღვინის 8-ათასწლიან ისტორიასა და თანამედროვე ინდუსტრიასთან ერთად, მოთხრობილია საქართველოს ტრადიციებისა დაკულტურის შესახებ (https://visforvino.com/georgia/).

ქართული ღვინის შესახებ სიუჟეტს ასობით ათასი მაყურებელი გაეცნობა, რაც დამატებითი შესაძლებლობაა ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე ქართული ღვინის საექსპორტო პოზიციების გასამყარებლად.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი ამერიკული მარკეტინგული კომპანიის „Colangelo & Partners” მხარდაჭერით, ღვინის შოუს „V is for Vino“  გადამღები ჯგუფი, მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში ერთი კვირა იმყოფებოდა. გადამღები ჯგუფის წევრები ღვინის მარნებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეშიეწვივნენ.

აღსანიშნავია, რომ აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო 2013 წლიდან  ახორციელებს მიზანმიმართულ მარკეტინგულ აქტივობებს. ბოლო წლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, გაძლიერდა სარეკლამო კამპანიები ისეთ გავლენიან მედია საშუალებებთან, როგორიც არის CBS, CNN, „The New York Times”, „Wine Enthusiast“, რამაც აშშ-ში  ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების სტაბილური ზრდა განაპირობა.

აშშ-ში ქართული ღვინის მარკეტინგულ კამპანიას ღვინის ეროვნულ სააგენტო უმსხვილეს ამერიკულ მარკეტინგულ კომპანიასთან „Colangelo&Partners” თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, აშშ-ის სხვადასხვა ქალაქში, ღვინის პროფესიონალებისა და ღვინით ვაჭრობის სფეროს წარმომადგენლებისთვის დეგუსტაცია-სემინარები იმართება; ქართული ღვინო წარმოდგენილია საერთაშორისო გამოფენებზე; მედიის, სომელიეებისა და გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებისთვის ეწყობა ღვინის ტურები საქართველოში, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის უკეთ გაცნობასა და პოპულარიზაციას ამერიკულ ბაზარზე.

Back to top button