
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ასამბლეის 34-ე სესიის გახსნის ცერემონიაში.
„ასამბლეაში მონაწილეობა ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, ჩვენ განვიხილავთ პრიორიტეტულ საკითხებს: ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერებას, საზღვაო სატრანსპორტო მიმართულების განვითარებას, მის უსაფრთხოებას, ისევე როგორც მის შემდგომ განვითარებასა და ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას ტრანსპორტის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების კუთხით”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაზე, რომელსაც მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება, 25 ნოემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მოხსენებით გამოვა და საქართველოს საზღვაო სექტორში არსებულ ტენდენციებზე, ასევე მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრებს.
ლონდონში ვიზიტის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრები გამართა ასამბლეაში მონაწილე ქვეყნების კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის საბერძნეთის საზღვაო საქმეთა მინისტრთან, კვიპროსის პრეზიდენტის მოადგილე მინისტრთან სანაოსნო საკითხებში და თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან.
საქართველოს დელეგაციაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთა ერთად მისი მოადგილე თამარ იოსელიანი და სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნათია მიმინოშვილი შედიან.