მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პარტნიორობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების საერთო მიზანზე

ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ლი იანგთან. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მოადგილე თამარ იოსელიანმა.

მხარეებმა ქვეყნებს შორის სატრანსპორტო, მათ შორის საზღვაო სექტორში თანამშრომლობის საკითხთა ვრცელი სპექტრი განიხილეს. მარიამ ქვრივიშვილმა, ისევე როგორც ლი იანგმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის პარტნიორობა დაფუძნებულია ურთიერთპატივისცემასა და ევროპასა და აზიას შორის კავშირების გაძლიერების საერთო მიზანზე. აქცენტი გაკეთდა შუა დერეფნის განვითარებისა და ამ პროცესში საქართველოს მნიშვნელოვან როლზე.

„ჩინეთი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია არაერთი მიმართულებით, განსაკუთრებით აღსანიშნია თანამშრომლობა სატრანსპორტო კავშირების კუთხით, სადაც მნიშვნელოვანი პროგრესი და შედეგები გვაქვს, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში – სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ჩინეთში ვიზიტის შედეგად იქნა მიღებული გადაწყვეტილება დედაქალაქებს შორის პირდაპირი ფრენების შესახებ. ასევე განიხილება თბილისსა და შანხაის შორის პირდაპირი ფრენების დაწყების საკითხი. ეს მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე ხალხთა შორის თუ ტურისტულ სექტორში კავშირების გაღრმავებას. ჩვენ ასევე მივესალმებით თანამშრომლობის გაღრმავებას საზღვაო სექტორში და ამ კუთხით ჩინეთის გამოცდილების გაზიარებას, განსაკუთრებით იმ მიმართულებებში, რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებთან, მათ შორისაა – მწვანე ტრანზიცია, საზღვაო გაციფრულება, განათლება, კვლევა-განვითარება და სხვა”, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ისეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი. აღინიშნა, რომ სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ასეთი პროექტები, რადგან ისინი პირდაპირი ხელშემწყობი ფაქტორია როგორც შუა დერეფნის პროექტის განვითარების, ისე ქვეყნებს შორის დაკავშირებადობის თვალსაზრისით.

მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დელეგაციის ჩინეთში ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის ასევე ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება. დღესდღეობით ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორისაა, ხოლო ინვესტიციები ჩინეთიდან 2025 წლის პირველ ნახევარში 229%-ით გაიზარდა. ასევე მზარდი დინამიკით გამოირჩევა ტვირთბრუნვა შუა დერეფნის გავლით.

მარიამ ქვრივიშვილმა ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილესთან შეხვედრისას ხაზი გაუსვა საქართველოს შესაძლებლობებს ინტეგრირებული საზღვაო-სარკინიგზო კავშირების, ასევე გადაზიდვების გაუმჯობესებული სერვისების კუთხით.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების კიდევ დიდი პოტენციალი გვაქვს. რაც მთავარია, ამისთვის მზაობა ორივე ქვეყნიდან არსებობს, შუა დერეფანი კი მისი სრულად რეალიზების საშუალებას გვაძლევს”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

Back to top button