
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრ ჯეფრი სიოუსთან. შეხვედრა ლონდონში მიმდინარე გაეროს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ასამბლეის ფარგლებში შედგა, ორი ქვეყნის მინისტრებმა ტრანსპორტის, მათ შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
რეგიონებს შორის დაკავშირებადობის ზრდა და ამ კუთხით არსებული პერსპექტივები, ასევე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობა მინისტრებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო. მარიამ ქვრივიშვილმა აქცენტი გააკეთა სავაჭრო-ეკონომიკური დაკავშირებადობის კუთხით შუა დერეფნის მარშრუტის მნიშვნელობაზე და სინგაპურელ კოლეგას მისი განვითარების პროცესში საქართველოს როლსა და გაწეულ სამუშაოზე მიაწოდა ინფორმაცია.
„საინტერესო შეხვედრა გვქონდა სინგაპურის ტრანსპორტის მინისტრთან. განვიხილეთ ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები, ვისაუბრეთ სამოქალაქო ავიაციის სფეროში თანამშრომლობის საკითხზე, მათ შორის საქართველოსა და სინგაპურს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის პერსპექტივაზე. მოხარული ვარ, რომ თანამშრომლობისთვის ორივე მხრიდან მზადყოფნაა, მათ შორის სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებითაც, როგორიცაა – სატრანსპორტო ლოგისტიკა, პორტების მართვა, საზღვაო სფეროს გაციფრულება, უსაფრთხოების სისტემები და სხვა”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჯეფრი სიოუს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების – ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის, ვაზიანის ახალი საერთაშორისო აეროპორტის და რკინიგზის მოდერნიზაციის შესახებ. აღინიშნა, რომ თანამედროვე სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირების გაღრმავებას.