ცენტრალური საარჩევნო კომისია ბოლო დროს მედიაში გავრცელებულ განცხადებებს ეხმაურება, რომელიც ცესკოს წევრების არჩევის წესის ცვლილებას ეხება. დაინტერესებული მხარეები და მედიის ნაწილი კანონში შეტანილ ამ ცვლილებას ცესკოს დისკრედიტაციის მიზნით აქტიურად იყენებენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო 18 დეკემბერს ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ეთერში გასული გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათი“, სადაც წამყვანი თავის მონოლოგში აღნიშნული ცვლილების შესახებ საუბრისას ინსტიტუციის მისამართით დისკრედიტაციულ განცხადებებს აკეთებდა. ადგილი ჰქონდა ინფორმაციით მანიპულაციას და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობას. ასევე, წამყვანი ფაქტობრივი არგუმენტებისა და დასაბუთების გარეშე, მანიპულაციური მეთოდებით ცდილობს საზოგადოებაში აღქმის ჩამოყალიბებას, რომ ცესკოში არჩევნების შედეგებს სურვილისამებრ „წერენ“.
“ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია და ქვემდგომი კომისიები კოლეგიალური ორგანოებია, რომლებშიც გადაწყვეტილებები მიიღება 17 კომისიის წევრის მონაწილეობით, მათ შორის ოპოზიციური პარტიების მიერ დანიშნული 8 წევრის მონაწილეობით. წამყვანის დისკრიმინაციული ტერმინოლოგია „პარტიების კაცები“ ზიანს აყენებს ამ ადამიანების დამოუკიდებელ რეპუტაციას.
საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის, ობიექტურობისა და პროფესიონალიზმის ინდიკატორია არა ცესკოს თავმჯდომარის და კომისიის წევრების არჩევის კონკრეტული პროცედურა, არამედ არჩევნების ორგანიზების ხარისხი. არაერთი ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციისა და საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების შეფასებებით 2021 წლის არჩევნები მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, რასაც ადასტურებს აშშ-ს საელჩოს მადლობა საარჩევნო ადმინისტრაციისადმი, ევროკავშირის წარმომადგენელთა, NDI-ს და ბრიტანეთის საელჩოს შეფასებები ცესკოს მიერ გაწეულ სამუშაოსთან დაკავშირებით, რომლებიც საჯაროა და წამყვანს და ყველა დაინტერესებულ პირს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გაეცნოს.
არჩევნების შემაჯამებელ ოქმს ცესკოს თავმჯდომარე კი არ „წერს“, არამედ ეს ოქმი დგება საარჩევნო უბნების ოქმების მონაცემების საფუძველზე, ხოლო ამ მონაცემებს პარალელურად აჯამებს არაერთი სადამკვირვებლო ორგანიზაცია (მაგალითად, ISFED-ის ე.წ. PVT-ის მონაცემები პრაქტიკულად დაემთხვა შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს). შედეგების სიზუსტეს ასევე უზრუნველყოფს არაერთი გამოცდილი მექანიზმი და ნოვაცია: საარჩევნო პროცესის და ხმების დათვლის პროცედურის ვიდეოფიქსაცია, კენჭისყრის დღის შემდეგ კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში განსაზღვრული და ასევე, დამატებით, შემთხვევითი პრინციპით შერჩეული უბნების შედეგების საჯარო გადათვლები, რომელთა რიცხვიც ამ არჩევნებზე, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის ინიციატივით, ნაცვლად კანონით გათვალისწინებული 5-5- უბნისა, ორივე ტურის შემთხვევაში ფაქტობრივად უპრეცედენტო იყო (გადაითვალა ასეულობით უბანი, არ დადასტურდა რაიმე მნიშვნელოვანი უზუსტობა), ცესკოს სხდომების ლაივ რეჟიმში წარმართვა და ა.შ.
ცესკოს საქმიანობაში პარტიების ჩართულობისა და საჯაროობის ამ ხარისხის ფონზე იმის მტკიცება, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია შესაძლოა რომელიმე პოლიტიკური სუბიექტის გავლენის ქვეშ მოექცეს, არის უწყების დისკრედიტაციის და საზოგადოებაში არასწორი აღქმების ჩამოყალიბების მცდელობა.
ამასთანავე აღსანიშნავია, რომ საზოგადოებას კარგად ახსოვს ცესკოს ყოფილი თავმჯდომარის, ქალბატონ თამარ ჟვანიას წინააღმდეგ აგორებული კამპანიაც 2020 წლის არჩევნების შემდეგ და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ ეს იყო ცილისწამება, არის ქალბატონი თამარის დანიშვნა არჩევნების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული ამერიკული ორგანიზაციის, IFES-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელად უზბეკეთში – ცენტრალური აზიის სტრატეგიული მნიშვნელობის ქვეყანაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, საზოგადოებას ჰქონდეს სრული და ობიექტური ინფორმაცია ცესკოს საქმიანობაზე, ხოლო მედიის წარმომადგენლებმა საკუთარი საქმიანობისას იხელმძღვანელონ იმ ფაქტებითა და შეფასებებით, რომლებიც ობიექტური და ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერაა წარმოდგენილი, მიუხედავად ზოგიერთი დაინტერესებული მხარის მცდელობებისა, საკუთარი გავლენის ქვეშ მოაქციონ ისინი და გამოიყენონ დეზინფორმაციისა და დისკრედიტაციის კამპანიაში” – აცხადებენ ცესკოში.