
ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის განმარტებით, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება.
„რაც შეეხება სტუდენტების თბილისში კონცენტრაციას, აქ ასეთი ციტატა უნდა გავიხსენო – „სტუდენტები ფეხებში გვედებიან” – ჩვენ ასე არ ვსაუბრობთ ახალგაზრდებზე. ეს არ არის ჩვენი ციტატა, ეს ჩვენ არ გვითქვამს. არა მარტო არ გვითქვამს, არც ვფიქრობთ ასე. რაც შეეხება თბილისს, კვლავაც თბილისი უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. უბრალოდ, ვფიქრობთ, ამასთან ერთად შესაძლებელია ქუთაისის განვითარება მეორე კერად და ამასთანავე რეგიონული უნივერსიტეტების გაძლიერება ისე, რომ მეტად გადანაწილდეს სტუდენტების რაოდენობა რეგიონულ ჭრილში. ჩვენი მიდგომით, თბილისი კვლავაც უნდა დარჩეს ძირითად საუნივერსიტეტო კერად, სადაც ჯამში სტუდენტების ნახევარზე მეტი მიიღებს განათლებას”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რაც შეეხება სოხუმის უნივერსიტეტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ბუნებრივია, ის სტატუსს შეინარჩუნებს, მათ შორის პოლიტიკური კონტექსტიდან გამომდინარე, თუმცა კონკრეტულად როგორ და რა ფორმით შეეხება ეს რეფორმა, ამაზე მსჯელობა შედგება უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან.