
„ჩვენ სად ვართ დღეს, ძალიან კარგად ვიცით. ჩვენ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ვართ, ხოლო სად ხართ თქვენ დღეს, ესეც ძალიან კარგად ვიცით. პირველ რიგში, ეს კითხვა – თუ სად ხართ დღეს, თქვენს სტიპენდიატ ლიდერს უნდა დაუსვათ“, – ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ პლენარულ სხდომაზე პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ წევრებს.
ირაკლი კირცხალიამ გახარიას პარტიის წევრებს შეახსენა, რომ უმრავლესობის წევრების დამსახურებაა ის, რომ ისინი დღეს პარლამენტში სხედან. კირცხალია მათ მიმართავს, რომ მუდმივად ახსოვდეთ ვინ არიან და რა ძალას წარმოადგენენ.
„ერთი წამით არ გქონდეთ იმის ილუზია არც ერთ თქვენგანს, რომ თქვენ აქ იმ ლეგიტიმაციით შემოხვედით, რომელი ლეგიტიმაციაც მოგანიჭათ საზოგადოებამ 2024 წლის არჩევნებში. მადლობა გაქვთ გადასახდელი თითოეული ჩვენგანისთვის, რომ პატივი ვეცით თქვენივე მოტყუებულ ამომრჩეველს, რომ მოგეცით უფლება, აქ მსხდარიყავით. ჩვენ თქვენ კულტურას ვერ კი არა არც გასწავლით. ჩვენ გასწავლით აქ როგორ არის ქცევის წესები და გასწავლით იმის შეხსენებით, თუ რეალურად რა ძალას წარმოადგენთ. ორ საათში მეორედ ჩაგივარდათ თავის მართლების მცდელობა, რომ არ ხართ „ნაცები“ იმიტომ, რომ თითოეული თქვენი სიტყვა, კითხვა, დაზუსტება, გამოსვლა, არის სწორედ ის აგენტურული და მოღალატეობრივი ნარატივი, რომელ ნარატივზეც ისხედით და რომლითაც ატყუებდით საზოგადოებას, თითქოს რაღაც სხვა ძალა ბრძანდებოდით.
კიდევ ერთხელ, უმრავლესობას ვინც წარმოადგენს, მათი დამსახურებით სხედხართ აქ. ამიტომ გასწავლით ყოველთვის კულტურას და გახსოვდეთ ვინ ხართ. ჩვენ ამას ყოველთვის შეგახსენებთ მანამ, სანამ არ მიეჩვევით ქცევის სწორ წესებს, კულტურულად საუბარს და სანამ რეალურად არ აღიქვამთ და არ გაისისხლხორცებთ სად სხედხართ ჩვენი დამსახურებით. თქვენი რეიტინგი დღეს ძალიან კარგად იცით ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებიდან. საბოლოოდ, ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის გვერდში, ჩვენი ქვეყნის სამსახურში და ჩვენი ქვეყანა დღეს არის დამოუკიდებელი ისე, როგორც არასდროს. ამით ამაყობს თითოეული ჩვენგანი და ნებისმიერი ის ჯარისკაცი, რომელიც ღირსეულად დგას თავის ქვეყნის გვერდით და ეს ასე გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.