მარიამ ქვრივიშვილი: ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოება მოიცავს საქართველოს საკვანძო სარკინიგზო, საპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის სატრანსპორტო ქსელთან ურთიერთთთავსებადია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნისა და დაკავშირებადობის ინვესტორთა მეორე ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში ევროკავშირის თანაორგანიზებით “Global Gateway”-ის ინიციატივის ფარგლებში გაიმართა. ფორუმი გახსნეს უზბეკეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ ჯამშიდ ხოჯაევმა და ტრანსპორტის მინისტრმა ილჰომ მაჰკამოვმა, აგრეთვე ევროკომისარმა საერთაშორისო პარტნიორობის საკითხებში იოზეფ სიკელამ და ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში მარტა კოსმა.

მარიამ ქვრივიშვილმა მონაწილეობა მიიღო ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში, რომელიც ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის რეგიონის დაკავშირებადობის განვითარებას მიეძღვნა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა, საქართველომ მნიშვნელოვანი სახელმწიფო ინვესტიცია განახორციელა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში, რომლის შედეგადაც მნიშვნელოვნად შემცირდა როგორც ტრანსპორტირების და მგზავრობის ხანგრძლივობა, ასევე გაუმჯობესდა საგზაო უსაფრთხოების ხარისხი.

მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე მსხვილ პროექტზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის საავტომობილო მაგისტრალზე, რომლის 70 პროცენტზე მეტი უკვე ექსპლუატაციაშია. კიდევ ერთ მნიშვნელოვნად პროექტად, მინისტრმა საქართველოს რკინიგზის მთავარი ხაზის მოდერნიზაცია დაასახელა, რომლის შედეგადაც გაიზარდა გამტარუნარიანობა და შემცირდა სატრანზიტო დრო, კერძოდ, საკონტეინერო ვაგონით გადაზიდვის პერიოდი 24 საათიდან 12 საათამდე შემცირდა, რამაც ხელი შეუწყო ტვირთების უფრო ეფექტურ, დაჩქარებულ და საიმედო გადაზიდვას აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის გასწვრივ.

„მომავალ წელს გაფართოვდება რკინიგზის მოძრავი შემადგენლობა, რათა ტრანზიტულ და საექსპორტო ტვირთებზე მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ. ასევე დასკვნით ფაზაშია ბაქო-თბილისი-ყარსის (BTK) რკინიგზა. მისი სრულად ამოქმედება მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი. პროექტი უზრუნველყოფს უწყვეტ და ეფექტიან ოპერაციებს როგორც საქართველოს, აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის, ისე მთელ დერეფანში,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრმა კიდევ ერთ სტრატეგიულ პროექტად ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განვითარება დაასახელა. მისი ინფორმაციით, ანაკლიის პორტი მოემსახურება დიდ კონტეინერმზიდ გემებს და გახდება საკვანძო საზღვაო ჰაბი ტრანზიტისთვის ევროპასა და აზიას შორის. „ამ პროექტს დამატებით ხელს უწყობს საბორნე სერვისების გაფართოება ევროკავშირის პორტებთან, მათ შორის კონსტანცასთან, ბურგასთან და ვარნასთან, ასევე ლოგისტიკური ზონებისა და მშრალი პორტების განვითარება, რათა ხელი შეეწყოს მულტიმოდალურ ოპერაციებს,” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

„ჩვენი სატრანსპორტო და დაკავშირებადობის დღის წესრიგი მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული და მას ევროკავშირის ინიციატივები აძლიერებს. ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) გაფართოება მოიცავს საქართველოს საკვანძო სარკინიგზო, საპორტო და ლოგისტიკურ პროექტებს, რომლებიც ევროკავშირის სატრანსპორტო ქსელთან ურთიერთთთავსებადია. შედეგად, საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები სინქრონიზებული და სრულად თავსებადია ფართო ევროპულ ქსელთან. ევროკავშირის Global Gateway ინიციატივაში საქართველოს როლი ცალსახაა. შავი ზღვის, როგორც სტრატეგიული გასასვლელის პოზიციონირებით, სატრანზიტო მარშრუტების დაცვით და ვაჭრობის ხელშეწყობით, საქართველო აძლიერებს მთელი ევროპისა და აზიის კონტინენტების მდგრადობას, რითაც სატრანზიტო ქვეყნიდან დამაკავშირებელ ჰაბად გარდაიქმნება, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

ფორუმში მონაწილე საქართველოს დელეგაციას ასევე წარმოადგენდნენ მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე.

Back to top button