
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს, ფილიპ ტაბაროს შეხვდა, რომლის დროსაც განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე.
შეხვედრა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმისა და ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მსხვილ სატრანსპორტო – ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარების შედეგად საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტები, მათ შორის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უფრო მეტად კონკურენტული გახდება, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ზრდას აზიასა და ევროპას შორის. ასეთ პრიორიტეტულ პროექტებს შორის დასახელდა რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განახლების პროექტი, აღმოსავლეთ – დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას რკინიგზის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში ფრანგული კომპანიების ინვესტიციებზე და მათი ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ შემდგომ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები თამარ იოსელიანი და გენადი არველაძე და საქართველოს ელჩი უზბეკეთში დავით კოტარია.