
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთში, ვარშავაში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში ITTF Warsaw მიიღო მონაწილეობა. გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ერთიანი საპრომოციო სტენდით 4 ქართულ კომპანიასთან ერთად იყო წარდგენილი. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაციები მოეწყო. მოლაპარაკებები შედგა პოლონურ კომპანიებთან ტურისტული პაკეტების მომზადებისა და საქართველოში ტურისტული ჯგუფების ჩამოყვანის მიზნით.
„ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად იმყოფებოდა ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე. როგორც იცით პოლონეთის ტურისტული ბაზარი საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მოცულობითი პირდაპირი ფრენები წლის განმავლობაში. ჩვენ ვატარებთ სხვადასხვა ტიპის კამპანიებს, როგორიც არის Roadshow შეხვედრები, პრეზენტაციები იმისთვის, რომ ბევრად მეტი მოგზაური ჩამოვიყვანოთ პოლონეთიდან საქართველოში“, – განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ITTF Warsaw-ის დასრულების შემდეგ, მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთის სამ ქალაქში, საპრომოციო „როუდშოუები“ მოაწყო. ვარშავაში, ლოძსა და ვროცლავში პოლონელი ტურ ოპერატორები საქართველოს ტურისტულ პროდუქტებს გაეცნენ. „როუდშოუების“ მონაწილეებს სიტყვით მიმართა პოლონეთში საქართველოს ელჩმა დიანა ჟღენტმა.
„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს ეროვნულმა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოლონეთი გამოყო როგორც სტრატეგიული მიმართულება. ჩვენთვის პოლონეთი მნიშვნელოვანი ბაზარია ბევრი – განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით, ჩემთვის როგორც საქართველოს ელჩისთვის პოლონეთში და საქართველოს საელჩოსთვის ტურიზმის ხელშეწყობა ერთ-ერთი მთავარი მიზანია და მიხარია ძალიან, რომ შესაძლებლობა მოგვეცა ბევრ ტურ ოპერატორს, მედიის წარმომადგენელს გვესაუბრებოდა. მნიშვნელოვანია, რომ საშუალება მიეცათ ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს პირდაპირი შეხვედრები ჰქონოდათ ადგილობრივ ტურ ოპერატორებთან. იმედი გვაქვს მომავალ წელს კიდევ უფრო გაიზრდება პოლონელი ტურისტების რაოდენობა საქართველოში“, – აცხადებს პოლონეთში საქართველოს ელჩი დიანა ჟღენტი.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანია პოლონეთში საქართველოს ცნობადობის ზრდა და ტურისტული ნაკადების მოზიდვა საქართველოში.