ლუკა ეხვაია: ვისაც კრიტიკული აზროვნების უნარი გააჩნია დასავლეთში, არასოდეს განიხილავდნენ BBC-ს საერთაშორისო და მაღალი სტანდარტის მედიად, რადგან ყველამ იცოდა, რომ იგივე პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა, რასაც ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება

საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი ლუკა ეხვაია, BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟს ეხმიანება და იხსენებს აღნიშნული მედიის საკვანძო როლს 1953 წელს, ირანში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასა და დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრის მოჰამედ მოსადეყის მთავრობის დამხობაში

ეხვაიას განცხადებით, BBC-მ მოგვიანებით აღიარა, რომ მისი სპარსულენოვანი სამსახური მოქმედებდა, როგორც MI6-ის და CIA-ის ინსტრუმენტი. მისივე თქმით, ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია BBC-ის სადაზვერვო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის, რაზეც ზღვა აკადემიური ლიტერატურა არსებობს, საქართველოში კი მსგავსი სახის ლიტერატურა არ ითარგმნება.

„ორიოდე სიტყვით გამოვეხმაურები BBC-ის რეპორტაჟის ირგვლივ არსებულ რეზონანსს: 1953 წელს BBC-ის სპარსულენოვანმა სამსახურმა საკვანძო როლი ითამაშა ირანში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზებასა და დემოკრატიულად არჩეული პრემიერ-მინისტრი მოჰამედ მოსადეყის მთავრობის დამხობაში. მოჰამედ მოსადეყის ხელისუფლებაში მოსვლის როგორც მთავარი მიზეზი, ასევე, მისი დამხობის უშუალო კატალიზატორი, 1951 წელს ნავთობის წარმოების ნაციონალიზაცია გახდა.

მოსადეყმა ირანის ნავთობზე კონტროლი ბრიტანეთის სამთავრობო კორპორაცია Anglo-Iranian Oil Company (AIOC)-ს ჩამოართვა და ირანის ხელისუფლებას დაუბრუნა. დიდი ბრიტანეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული ირანულ ნავთობზე, ამიტომ მოსადეყის მიერ ნავთობის წარმოების ნაციონალიზაციის პასუხად ბრიტანული სადაზვერვო სამსახურმა ოპერაცია „Ajax” წამოიწყო. ირანში საბჭოთა კავშირის გავლენების განვრცობის რისკის საბაბით, ოპერაცია Ajax-ს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, CIA შეუერთდა. ოპერაციის ფარგლებში BBC-ის სპარსული სამსახურის გადაცემები რეგულარულად გამოიყენებოდა MI6-ის მიერ, რათა სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზატორებისთვისა და მიწისქვეშა აქტორებისთვის კონკრეტული მითითებები გადაეცათ. მაგალითად, კოორდინირებული მოქმედებების დაწყების სიგნალი უნდა ყოფილიყო BBC-ის რადიოს წამყვანის მიერ გადაცემის დასაწყისშივე საიდუმლო ფრაზის ან კონკრეტული ლექსის წაკითხვა. ეს კოდური შეტყობინება წარმოადგენდა ერთგვარ მწვანე შუქს პრო-შაჰის მომიტინგეებისთვის და გადაბირებული სამხედრო ძალებისთვის, რათა ქუჩებში პროტესტის რადიკალიზაცია დაეწყოთ და გადატრიალების პროცესში გადამწყვეტი ნაბიჯები გადაედგათ.

BBC-მ მოგვიანებით აღიარა, რომ მისი სპარსულენოვანი სამსახური მოქმედებდა, როგორც MI6-ს და CIA-ის ინსტრუმენტი. მოგვიანებით ეს მადლენ ოლბრაიტმაც აღიარა. BBC-ს მიერ გავრცელებულმა კოდირებულმა შეტყობინებებმა და პროპაგანდამ ირანის დემოკრატიული ხელისუფლების გადატრიალების ორგანიზების კოორდინაციასა და საპროტესტო მუხტის აგორებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა. მოსადეყის დამხობის შემდეგ ხელისუფლებაში შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი დაბრუნდა, რომელმაც ნავთობის ნაციონალიზაციის კანონი გააუქმა და ირანი დასავლეთის სატელიტად აქცია. რეზა შაჰის რეჟიმი ათწლეულების მანძილზე სასტიკად ახშობდა და უსწორდებოდა ოპოზიციას. 1957 წელს CIA-სა და მოსადის დახმარებით, ოპოზიციის რეპრესიისთვის სპეციალური სადამსჯელო ინსტიტუციური მექანიზმი, საიდუმლო პოლიცია და უსაფრთხოების სააგენტო „სავაქი“ შექმნა. შაჰის რეჟიმის სტაბილურობა და შიდა საფრთხეების განეიტრალება სავაქის ისეთი საქმიანობით გახდა შესაძლებელი, როგორიცაა ტოტალური თვალთვალი (განსაკუთრებით სტუდენტურ მოძრაობებზე), ცენზურა(ინფორმაციის ტოტალური კონტროლი), მასობრივი დაკავებები და გაუჩინარებები, სისტემური წამება და სახელმწიფოს გარეთ რეჟიმის კრიტიკოსების ლიკვიდაცია. ისტორიკოსების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ 1953 წლის მოსადეყის ლეგიტიმური მთავრობის დამხობა ირანში დემოკრატიული მოძრაობის ჩახშობისა და შაჰის ხელში აბსოლუტური ძალაუფლების კონცენტრაციის მთავარი მიზეზი გახდა, რამაც საბოლოოდ 1979 წლის ისლამური რევოლუციის და ანტიდასავლური მუხტის გაძლიერება გამოიწვია. სხვა სიტყვებით, დასავლეთმა თავისი ხისტი იმპერიული პოლიტიკითა და ირანის შიდა საქმეებში უხეში ჩარევით თავადვე დააპროვოცირა 1979 წლის ისლამური რევოლუცია. ეს არის პრეცედენტი, რომელმაც გამოააშკარავა, რომ BBC-იმ სარედაქციო დამოუკიდებლობა სრულიად დათმო და ანგლოსაქსური დაზვერვის სამსახურში ჩადგა. BBC-ის დახმარებით მოსადეყის დემოკრატიული ხელისუფლების დამხობას გრძელვადიანი გეოპოლიტიკური შედეგები მოჰყვა მთელი რეგიონისთვის. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია BBC-ის სადაზვერვო სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობის, რაზეც ზღვა აკადემიური ლიტერატურა არსებობს (მაგალითად, ჯონ ჯენქსის „ბრიტანული პროპაგანდა და მედია ცივი ომის დროს“ სადაც BBC-ს და Reuter-ს „კოლონიურ მედიას“ უწოდებს).

ჩვენთან არათუ ამ საკითხების კვლევა არ მიმდინარეობს, რადგან ნამდვილი კვლევითი საქმიანობა უმაღლეს სასწავლებლებში და მეცნიერების სფეროში უბრალოდ არ არსებობს, მკვდარია, არამედ საერთოდ არ ითარგმნება სამეცნიერო ლიტერატურა, რადგან კომერციული მოტივებით გამსჭვალული და პოლიტიკურად ანგაჟირებული გამომცემლობის ინტერესში არ შედის მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამეცნიერო ლიტერატურის მიწოდება. ჩვენი ყოფის ტრაგედია ისაა, რომ კვლევას თუ ვინმე აკეთებს ქვეყანაში, ისევ დასავლელი დონორების მიერ დაფინანსებული ადგილობრივი „ენჯეოები“ არიან. ეს მოცემულობა თუ არ შეიცვლება, „ინფორმაციული სუვერენიტეტი“ ვერასოდეს დამყარდება ქვეყანაში. და ბოლოს, ვისაც კრიტიკული აზროვნების უნარი გააჩნია დასავლეთში, არასოდეს განიხილავდნენ BBC-ს საერთაშორისო და მაღალი სტანდარტის მედიად, რადგან ყველამ იცოდა, რომ იგივე სახის პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწეოდა, რასაც ამერიკის ხმა და რადიო თავისუფლება. ამიტომაცაა ტრადიციული მედიის მიმართ ნდობამ ისტორიულ მინიმუმს რომ მიაღწია, 1970-იან წლებში აშშ-ის მოსახლეობაში მასმედიისადმი ნდობა თუ 70%-ს აჭარბებდა, Gallup-ის გამოკითხვის მიხედვით, 2024 წელს აშშ-ში ტრადიციული მედიის მიმართ ნდობა 31%-მდე დაეცა”, – წერს ლუკა ეხვაია სოციალურ ქსელში.

Back to top button