
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ტრადიციულად შეუერთდა ნიადაგის მსოფლიო დღის აღნიშვნას.
„ჯანსაღი ნიადაგი – ჯანსაღი ქალაქებისთვის“, – ასეთია 2025 წლის ნიადაგის მსოფლიო დღის გზავნილი, რომელიც ყურადღებას ურბანულ გარემოში ნიადაგის მდგრადი განვითარების მნიშვნელობაზე ამახვილებს.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ ორგანიზებული ღონისძიება საქართველოში ნიადაგმცოდნეობის განვითარებას და ახალგაზრდა სპეციალისტების მოტივაციის გაზრდას ემსახურებოდა.
აგრარულ და სამეცნიერო სფეროში მოღვაწე მკვლევარებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს გადაეცათ ნიადაგმცოდნეობის ქართული სკოლის ერთ-ერთი ფუძემდებლის, აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძის სახელობის საპატიო სიგელები. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ ფოტოკონკურსის „ნიადაგი ურბანულ ქალაქებში“ გამარჯვებულები.
მოწვეულ სტუმრებთან ერთად, ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე და საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაული დაესწრნენ.
„ნიადაგის დაცვას და მისი ნაყოფიერების შენარჩუნებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს აგრარული სექტორის განვითარებისთვის. ნაყოფიერი და ჯანსაღი ნიადაგი წარმოადგენს პროდუქტიულობის ამაღლების, ხარისხიანი წარმოებისა და ექსპორტის ზრდის საფუძველს. ამ დღემ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს, რამდენად აუცილებელია ნიადაგით მოსარგებლე პირებში ცნობიერების ამაღლება ნიადაგის ნაყოფიერებისა და ხარისხის შენარჩუნების მიმართულებით“, – აღნიშნა ლაშა დოლიძემ.
საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა ნიადაგების დაცვისა და მათი ნაყოფიერების შენარჩუნებისთვის შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„მნიშვნელოვანია, მაქსიმალური ყურადღება დავუთმოთ ნიადაგებს, რადგან მიმდინარე პროცესები – გლობალური დათბობა, კლიმატის ცვლილება, ინდუსტრიალიზაცია და გარემოს დაბინძურება ნიადაგებს სავალალო მდგომარეობაში აყენებს. ნიადაგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც კაცობრიობის განვითარებაში, ისე მთლიანად დედამიწის ეკოსისტემის შენარჩუნებაში. აუცილებელია, ყველა შესაბამისმა უწყებამ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს ნიადაგების დაცვასა და მათი ნაყოფიერების შენარჩუნებაზე”, – განაცხადა გელა სამხარაულმა.
ნიადაგის მსოფლიო დღე 5 დეკემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით, 2014 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.