სახელმწიფო დეპარტამენტი ეგრეთ წოდებულ „ფაქტჩეკერებს“, რომლებსაც ცენზორებად მოიხსენიებს, ვიზების გაცემაზე უარს ეტყვის

სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ თანამშრომლებს ავალებს, უარი თქვან ვიზების განაცხადების მიღებაზე იმ პირებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ფაქტების შემოწმებაზე („ფაქტჩეკერები”), კონტენტის მოდერაციაზე ან სხვა ისეთ საქმიანობაში იყვნენ ჩართული, რომელსაც ტრამპის ადმინისტრაცია ამერიკელების სიტყვის „ცენზურად“ მიიჩნევს. სამშაბათს, თანამშრომლებისთვის შიდა შეტყობინების სახით გაგზავნილი დირექტივა ფოკუსირებულია H-1B ვიზების განმცხადებელ მაღალკვალიფიციურ მუშაკებზე, რომლებსაც ხშირად იყენებენ ტექნოლოგიური კომპანიები, სხვა სექტორებთან ერთად.

ამ გზავნილის შესახებ პირველად ინფორმაცია Reuters-მა გაავრცელა; NPR-მა, ასევე, მოიპოვა ასლი.

„თუ აღმოაჩენთ მტკიცებულებებს, რომ განმცხადებელი პასუხისმგებელი იყო ან მონაწილეობდა შეერთებულ შტატებში დაცული გამოხატვის თავისუფლების ცენზურაში ან ცენზურის მცდელობაში, უნდა მოითხოვოთ დასკვნა, რომ განმცხადებელი არ არის უფლებამოსილი ვიზაზე“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებისთვის გაგზავნილ დირექტივაში.
ეს გადაწყვეტილება თანხვედრაშია სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ მაისში გამოცხადებულ პოლიტიკასთან, რომელიც ზღუდავს ვიზების გაცემას „უცხოელი თანამდებობის პირებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც მონაწილეობენ ამერიკელების ცენზურაში“.

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრად აკრიტიკებს ტექნოლოგიური კომპანიების ძალისხმევას, გააკონტროლონ ის, თუ რისი გამოქვეყნების უფლება აქვთ ადამიანებს საკუთარ პლატფორმებზე. გავრცელებული ინფორმაციით, სამშაბათის შიდა გზავნილი, განსაკუთრებით H-1B ვიზის განმცხადებლებს ეხება, „რადგან ბევრი მათგანი მუშაობს ან უმუშავია ტექნოლოგიურ სექტორში, მათ შორის, სოციალურ მედიაში ან ფინანსური მომსახურების კომპანიებში, რომლებიც ჩართულნი არიან გამოხატვის დაცულობის ჩახშობაში“.

Back to top button