
თუკი დღევანდელი ტენდენციები გაგრძელდება, კონტინენტი 20 წელიწადში ან უფრო ადრეც შეუცნობელი გახდება. ამის გათვალისწინებით, სულაც არ არის აშკარა, ექნება თუ არა ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას საკმარისად ძლიერი ეკონომიკა და სამხედრო ძალები, რომ სანდო მოკავშირეებად დარჩნენ, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტის თანახმად, აშშ-ს სურს, რომ ევროპა ევროპული დარჩეს, აღიდგინოს თავისი ცივილიზაციური თავდაჯერებულობა და უარი თქვას მარეგულირებელი დახრჩობის წარუმატებელ ფოკუსზე.
„ეს თავდაჯერებულობის ნაკლებობა ყველაზე აშკარაა ევროპის ურთიერთობაში რუსეთთან. ევროპელი მოკავშირეები თითქმის ყველა პარამეტრით, ბირთვული იარაღის გარდა, რუსეთზე მნიშვნელოვან უპირატესობას ფლობენ მძიმე ძალის თვალსაზრისით. უკრაინაში რუსეთის ომის შედეგად, ევროპა-რუსეთის ურთიერთობები ახლა ღრმად არის დასუსტებული და მრავალი ევროპელი რუსეთს ეგზისტენციალურ საფრთხედ მიიჩნევს. ევროპის ურთიერთობების მართვა რუსეთთან საჭიროებს აშშ-ის მნიშვნელოვან დიპლომატიურ ჩართულობას, როგორც ევრაზიის მთელ კონტინენტზე სტრატეგიული სტაბილურობის პირობების აღსადგენად, ისე რუსეთსა და ევროპულ სახელმწიფოებს შორის კონფლიქტის რისკის შესამცირებლად“, – ნათქვამია ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.
მასში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ძირეული ინტერესია უკრაინაში საომარი მოქმედებების სწრაფი შეწყვეტის მოლაპარაკება, რათა:
დასტაბილურდეს ევროპული ეკონომიკები;
თავიდან იქნას აცილებული ომის უნებლიე ესკალაცია ან გაფართოება;
აღდგეს სტრატეგიული სტაბილურობა რუსეთთან;
და შესაძლებელი გახდეს უკრაინის ომისშემდგომი აღდგენა, რათა ქვეყანამ შეძლოს სიცოცხლისუნარიან სახელმწიფოდ გადარჩენა.
„უკრაინის ომმა მოახდინა იმის უკუეფექტი, რომ გაზარდა ევროპის, განსაკუთრებით კი გერმანიის, გარე დამოკიდებულებები. დღეს, გერმანული ქიმიური კომპანიები მსოფლიოში ყველაზე დიდ გადამამუშავებელ ქარხნებს აშენებენ ჩინეთში, იმ რუსული გაზის გამოყენებით, რომლის შეძენაც მათ სამშობლოში არ შეუძლიათ. ტრამპის ადმინისტრაცია უთანხმოებაშია ევროპელ ოფიციალურ პირებთან, რომლებსაც არარეალისტური მოლოდინები აქვთ ომთან დაკავშირებით. ეს პირები არიან არასტაბილურ უმცირესობის მთავრობებში, რომელთაგან ბევრი თელავს დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს ოპოზიციის ჩასახშობად. ევროპელთა დიდ უმრავლესობას სურს მშვიდობა, თუმცა ეს სურვილი პოლიტიკაში არ აისახება, დიდწილად ამ მთავრობების მიერ დემოკრატიული პროცესების ძირის გამოთხრის გამო. ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სწორედ იმიტომ, რომ ევროპულ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ თვითრეფორმა, თუ ისინი პოლიტიკურ კრიზისში არიან ჩარჩენილი“, – ნათქვამია დოკუმენტში.