გივი მიქანაძე აზერბაიჯანელ კოლეგასთან ერთად ტექნიკურ უნივერსიტეტს ეწვია

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევთან ერთად, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ესტუმრა, სადაც მხარეებმა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.

მინისტრებს სტუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ უმასპინძლა, მათ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეცნიერთა საერთაშორისო პროექტები, სამეცნიერო, აკადემიური მიღწევები, მიმდინარე კვლევები გააცნო და მსოფლიოს უმსხვილეს სამეცნიერო ექსპერიმენტებში სტუ-ის მეცნიერთა და სტუდენტთა წარმატებული კოლაბორაციის შესახებ ესაუბრა.

ორი ქვეყნის მინისტრებმა და მოწვეულმა სტუმრებმა სამეცნიერო პროექტების გამოფენა დაათვალიერეს და ქართველ და აზერბაიჯანელ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც რობოტექნიკის, ხელოვნური ინტელექტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილი ინოვაციური პროექტები წარმოადგინეს.

ორი ქვეყნის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით, მხარეებმა არაერთი საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო პროექტის განხორციელების მზაობა გამოთქვეს.

ტექნიკურ უნივერსიტეტსა და აზერბაიჯანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკადემიური და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, რექტორმა დავით გურგენიძემ აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების მინისტრ ემინ ამრულაევს სტუ-ის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.

Back to top button