ეკონომიკის სამინისტრო: საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზა აზერბაიჯანული საწვავის სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებს

აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდებული ინფორმაციის თაობაზე, თითქოს აზერბაიჯანიდან სომხეთში სარკინიგზო ტრანსპორტით საწვავის მიწოდების შეფერხებას სატარიფო ბარიერები ქმნის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პასუხობს.

“მინდინარე წლის 5 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ პარტნიორი ქვეყნებისგან მიიღო თხოვნა აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის ერთჯერადი ტრანზიტის განხორციელებაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, საქართველოს რკინიგზას დაუყოვნებლივ დაევალა აღნიშნული ტვირთის სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ეცნობათ ოფიციალურ მხარეებს. საქართველო იყო და არის სომხეთისა და აზერბაიჯანის სტრატეგიული და სანდო პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარდამჭერი” – განმარტავენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

Back to top button