
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, პირდაპირი ინვესტიციების ზრდის პოზიტიური ტენდენციები ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს სიჯანსაღეს უსვამს ხაზს. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, 2025 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2-ჯერ გაიზარდა და 533.2 მლნ. აშშ. დოლარს შეადგენს, ხოლო იანვარ-სექტემბრის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა, წინა წელთან შედარებით 11.0%-ითაა გაზრდილი და 1,296.9 მლნ. აშშ. დოლარს აღწევს.
„მსგავსი ტიპის პოზიტიური ტენდენციები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოში საინვესტიციო და ბიზნესგარემო ჯანსაღია და საქართველო მიმზიდველია როგორც უცხოელი, ასევე ადგილობრივი ინვესტორებისთვის. მესამე კვარტლის მონაცემებით, ყველაზე მსხვილი ინვესტიციები აშშ-დან, ესპანეთიდან და აზერბაიჯანიდან განხორციელდა” – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა უცხოური ინვესტიციების მნიშვნელობას ისეთ სექტორებში, რომელთა განვითარებაც პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაზე. მისი განცხადებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა წყალმომარაგებისა და ნარჩენების მართვის, უძრავი ქონების, ტრანსპორტის, საფინანსო და სადაზღვევო, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი ისეთი ინვესტიციების მოზიდვაა, რომელიც ქვეყანაში ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს უწყობს ხელს. ინვესტიცია ხორციელდება ისეთ სექტორებში, რომელიც ქვეყანაში მაღალ დამატებით ღირებულებას ქმნის, რაც საბოლოო ჯამში, საშუალოვადიან პერიოდში ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე პოზიტიურად აისახება. საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს მუშაობას მსგავსი ტიპის ინვესტიციების მოზიდვაზე, რაც მომდევნო წლებში საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებულ მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგებში აისახება”- აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.