პრემიერი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის განცხადებაზე: კონკრეტული ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და ამ დროს თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან

თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს. რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ქრისტოფერ ლანდაუს განცხადებას შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კონკრეტული ადამიანები, ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოსგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და, ამ დროს, თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთთან, რაც არის ორმაგი სტანდარტები და ეს განცხადება აღნიშნულის კიდევ ერთხელ შეხსენებაა.

„მანამდე ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმაც გააკეთა ეს განცხადება. რეალურად, თუ ავიღებთ ჩვენ რუსეთთან საგარეო ვაჭრობას და უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს, რუსეთისთვის გადარიცხული თანხები აღემატება უკრაინისთვის გადარიცხულ თანხებს.

რა თქმა უნდა, ეს არის ორმაგი სტანდარტი და, ამ კონტექსტში, ჩვენ უნდა გავიხსენოთ მოთხოვნები, რომლებსაც უყენებდნენ კონკრეტული ადამიანები, ევროპელები და ამერიკის ყოფილი ადმინისტრაციის წარმომადგენლები საქართველოს ხელისუფლებას, როდესაც ისინი ითხოვდნენ საქართველოსგან სანქციების დაწესებას. ისინი ჩვენგან ითხოვდნენ სანქციების დაწესებას და თვითონ ჰქონდათ გამალებული ვაჭრობა რუსეთის ფედერაციასთან. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ ლიეტუვა და ლატვია საქართველოზე 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდდნენ რუსეთში, ომის დაწყების შემდეგ, როდესაც არც ერთი ქვეყანა არ არის ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ეს არის ორმაგი სტანდარტები და ეს განცხადება კიდევ ერთხელ გვახსენებს ამ ორმაგ სტანდარტებს,”- განაცხადა პრემიერმა.

Back to top button