საქართველომ და გაერომ ახალ, 2026–2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი

საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის 2026-2030 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

ხელშეკრულება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობასა და გაეროს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში, რომლის მიზანია მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში.

ხელშეკრულების ფარგლებში, გაეროს 21 სააგენტო, ფონდი და პროგრამა განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით: ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისა და მწვანე ტრანზიციის ხელშეწყობა; განათლების, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის გაძლიერება; კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებების დაცვა და სოციალური ერთობა; მშვიდობისა და მედეგობის განმტკიცება კონფლიქტის გამყოფი ხაზების ყველა მხარეს.

ხელშეკრულებას, საქართველოს სახელით ხელი მოაწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,ირაკლი კობახიძემ, ხოლო გაეროს სააგენტოთა ჯგუფის სახელით, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში, დიდიე ტღებიუკმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ყურადღება დაუთმო საქართველოსა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციას შორის თანამშრომლობას და მადლობა გადაუხადა გაეროს პარტნიორობისა და მხარდაჭერისთვის.

თავის გამოსვლაში, ლევან ჟორჟოლიანმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, აღნიშნა, რომ ახალი ხელშეკრულება შესაბამისობაშია ეროვნული განვითარების პრიორიტეტებთან.

„დღეს ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპია საქართველოსა და გაეროს შორის 30-წელზე მეტი ხნის გრძელვადიანი და ღრმა პარტნიორობის ისტორიაში,“ – განაცხადა დიდიე ტღებუკმა, გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში. „თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელსაც დღეს ვაწერთ ხელს, წარმოადგენს პირობას, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ საქართველოს მთავრობასა და ყველა პარტნიორთან – განვახორციელოთ გადამწყვეტი რეფორმები მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევისკენ პროგრესის დასაჩქარებლად. თანამშრომლობის ხელშეკრულება გვთავაზობს ერთობლივი მოქმედების პლატფორმას. მისი მიზანია მწვანე და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობა ურბანულ დასახლებებსა და რეგიონებს შორის არსებული უთანასწორობის შესამცირებლად.“

ხელშეკრულების შემუშავებას წინ უძღოდა ფართომასშტაბიანი განხილვა საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო პარტნიორების, გაეროს სააგენტოების, აკადემიური წრეების, ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის მონაწილეობით.

თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომლის ბიუჯეტიც დაახლოებით 262 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, განხორციელდება ერთობლივი პროგრამების, ინოვაციური დაფინანსების და ეროვნულ და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გზით.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, გაეროს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

Back to top button