
გაეროს გარემოს დაცვის პროგრამის (UNEP) აღმასრულებელმა დირექტორმა ინგერ ანდერსენმა დავით სონღულაშვილს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ გარემოსდაცვითი რეფორმების კუთხით საქართველო რეგიონში ლიდერია. ინგერ ანდერსენმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის პროდუქციის იმპორტის აკრძალვისა და რეგულირების საკითხებზე, მისივე განცხადებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის, ისე ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დასაცავად.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-UNEP-ის თანამშრომლობის გაღრმავების და გლობალურ პროცესებში მონაწილეობის მნიშვნელობის საკითხები, ასევე, მიმდინარე გარემოსდაცვითი რეფორმები განიხილეს.
დავით სონღულაშვილმა მადლობა გადაუხადა UNEP-ს მხარდაჭერისთვის და მზადყოფნა გამოთქვა, UNEA-ის ფორმატში ჩართულობა გააძლიეროს. ხაზი გაესვა ფაქტს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი წარმოადგენს აღმოსავლეთ ევროპის ჯგუფს UNEA-7-ის ბიუროში და მისი კანდიდატურა წარდგენილია UNEA-8-ისთვის.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო მიზნებს, რომელიც გულისხმობს საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებას, 2030 წლისთვის სათბური აირების გაფრქვევები შეამციროს 35%-ით, ხოლო 2035 წლისათვის 47%-ით. განხილვის საგანი იყო ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების, დაცული ტერიტორიების გაფართოების, ეროვნული ადაპტაციის გეგმის შემუშავების, სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის რეგულირების საკითხები, ცირკულარული ეკონომიკის განვითარების გეგმები და პლასტიკით გარემოს დაბინძურების პრევენციისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის საკითხები.
დავით სონღულაშვილმა ინგერ ანდერსენს გააცნო საქართველოს მიერ მიღებული ახალი რეგულაციები ერთჯერადი პლასტმასის აკრძალვის შესახებ, რომელიც 2026 წლის 1 იანვრიდან შევა ძალაში. მხარეებმა აღნიშნეს, რომ პლასტიკის ნარჩენების მართვის რეფორმის პროცესში UNEP-ის ტექნიკური დახმარება განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია.
დასასრულს, დავით სონღულაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველო მზად არის განაგრძოს ძლიერი და პრაქტიკული პარტნიორობა UNEP-თან გარემოსდაცვითი პროგრესისა და მდგრადი განვითარების გასაძლიერებლად.
შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ეთიოპიაში და აფრიკის კავშირში მუდმივი წარმომადგენელი გია მაჭარაძე ესწრებოდნენ.